„მძღოლებს, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, გამუდმებით შეუძლიათ გადააჭარბონ სიჩქარეს, სანამ ვინმეს სიცოცხლეს არ ხელყოფენ“

„მძღოლებს, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, გამუდმებით შეუძლიათ გადააჭარბონ სიჩქარეს, სანამ ვინმეს სიცოცხლეს არ ხელყოფენ“ – ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„რაც უფრო ახლოვდება ზაფხული, მოძრაობის ინტენსივობა იზრდება და იზრდება ავტოავარიის რისკებიც. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, ავტომობილები იქონიონ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და აკონტროლონ სიჩქარე. ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი პრობლემაა.

ჩვენ ხშირად მივმართავთ შსს-ს, რომ მან უფრო დეტალურად წარმოადგინოს სტატისტიკა, რომელიც არ არის სრულყოფილი. საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა დღეს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ არის. წლების განმავლობაში არასამთავრობი სექტორი ითხოვდა, რომ შექმნილიყო საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, შეიქმნა კიდეც, მაგრამ ის უნდა იყოს აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, უნდა ჰქონდეს დაფინანსება და მას უნდა ჰქონდეს საგზაო უსაფრთხოების საკითხში ლიდერი პოზიცია“, - აღნიშნა მესხიშვილმა.

მომატებული ავტოსაგზაო შემხთევევბის შესახებ მან განმარტა, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

„ის საგანგაშო მდგომარეობა, რაც დღეს ხდება გარშემო, იმის ბრალია, რომ გარკვეული რეფორმები ბოლომდე არ არის მიყვანილი, ევროდირექტივები ნაწილობრივ არის დანერგილი. მაგალითად, ქულათა სისტემა არის საერთაშორის სისტემა, რომელმაც უნდა მოგვცეს შედეგი, თუ ის ბოლომდე იქნება დანერგილი, მაგრამ მთავარ დარღვევაზე - სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულები არ აკლდება მძღოლს. ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, გამუდმებით შეუძლიათ გადააჭარბონ სიჩქარეს, სანამ ვინმეს სიცოცხლეს არ ხელყოფენ.

მართვის მოწმობის გარეშე უამრავი მძღოლი გადაადგილდება, ასევე არ დანერგილა ბერკეტები, რომელიც უზრუნველყოფდა გზებზე ტექნიკურ გამართულობას. ტექინსპექტირება არის პროცესი ინსპექტირებიდან ინსპექტირებამდე, მაგრამ შუაში რა ხდება? გზებზე კანონის აღსრულებაზე გვაქვს სერიოზული პრობლემა, მიმართვიანობა ინსპექტირების ცენტრებში არის განახევრებული, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის პრობლემას.

არ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევის სიღრმისეული შესწავლა. გვაქვს ქაღალდზე შავი წერტილები, მაგრამ პრაგმატული ქმედებები ჯერ ამ მიმართულებით არ გვინახავს“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

ცნობისათვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს. ორი გარდაცვლილი და მანქანა მაშველებმა მტკვარში 15 მაისს იპოვეს, ხოლო ერთი გარდაცვლილის სამძებრო ოპერაცია კვლავაც მიმდინარეობს.

პოლიციამ 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

ეკა დარჩიაშვილი