ამ გარდამავალ პერიოდში სატარიფო სისტემამ გააჩერა ყველაფერი - ევროპის, ამერიკის, რუსეთის აწეულმა ტარიფებმა ახალგაზრდა ბრენდებს წარმოების გახსნა შეუზღუდა - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ „სენა ავტოს“ დამფუძნებელმა გია ალიხანაშვილმა განაცხადა.
“ბოლო 5-6 წელია ჩინეთის ავტოინდუსტრია „გაფრინდა“, ისეთი წინსვლა აქვს, მაგრამ, თუ გადახედავთ წლევანდელ და შარშანდელ ევროპულ და ამერიკულ ავტოშოუებს, ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა. ფაქტობრივად, მე ვთვლი, რომ ჯერ კიდევ კარგა ხანი ვერ დაეწევიან ტრენდს, რაც ახლა ჩინეთში ხდება,“ - აღნიშნა „სენა ავტოს“ დამფუძნებელმა გია ალიხანაშვილმა.
მისი განცხადებით, ავტოინდუსტრია ექვს თვეში ერთხელ იცვლება. რაც მთავარია, შესაძლებელი ხდება ახალი ბრენდის, ავტომობილის, ტექნოლოგიებისა და გამოწვევების აღმოჩენა. ამერიკულ და ევროპულ ფასთან შედარებით ჩინური 40%-ით ნაკლებია, თუმცა უფრო მეტ შესაძლებლობასა და ტექნოლოგიას იღებ.
„ჩინური ავტოინდუსტრია ძალიან აგრესიულია. ფაქტობრივად, სახელმწიფო დაფინანსების მეშვეობით ძალიან ბევრი ბრენდი გაჩნდა. განსაკუთრებით, ელექტრომობილების განხრით. როგორც ჩინეთის ბაზარზე, ძალიან ბევრი ელექტრომობილი დადის უკვე ევროპაშიც, რამდენიმე ბრენდმა გაიარა ავტორიზაცია და ევროპაშიც ყიდიან. ახლა მუშაობენ, რომ ამერიკაშიც შევიდნენ და აი ეს პერიოდი იყო, რომ დადგა სატარიფო ომის საკითხი. ჯერ ევროპამ აუწია 30%-მდე ტარიფს, საკუთარ ავტოინდუსტრიაში ისედაც პრობლემები აქვთ და ახლა ამერიკამ 130%-მდე, თუმცა, შესაძლოა დაწიოს. საბოლოო ჯამში, ავტოინდუსტრიაზე 20%-იანი ტარიფიც ძალიან მოქმედებს,“ - აღნიშნა გია ალიხანაშვილმა.
„სენა ავტოს“ დამფუძნებლის თქმით, ამ გარდამავალ პერიოდში სატარიფო სისტემამ გააჩერა ყველაფერი. ევროპის, ამერიკის, რუსეთის აწეულმა ტარიფებმა ახალგაზრდა ბრენდებს წარმოების გახსნა შეუზღუდა. შედეგად, საქართველოსნაირ დაუცველ ბაზრებზე გუშინდელი გამოშვებული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. როგორც ალიხანაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფომ და ოფიციალურმა დილერებმა აუცილებლად უნდა გააკონტროლონ საქართველოში ჩინური ავტომობილების გაყიდვის ტენდენციები.
ავტორი: თეკლა გვარამია