გადაწყვეტილება მიღებულია - მცხეთასთან, მდინარე არაგვზე ახალი ხიდი გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე აშენდება. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის„გ“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის შესაბამისად, ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გათავისუფლდეს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სეწაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე არსებული სახიდე გადასასვლელის გვერდით ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგან“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მცხეთასთან, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობას გამარტივებული სანებართვო პირობებით ითხოვდა. საქმე ეხება, არსებული ავარიული ხიდის გვერდით ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო ნებართვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე გაცემას. უწყებაში ამის მიზეზად ფორსმაჟორულ ვითარებას ასახელებდა. მეტიც, წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული იყო, რომ თუ მშენებლობა მოკლე ვადაში არ შესრულდებოდა, ამას შეეძლო მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების მნიშვნელოვანი გაუარესება.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე ფილა რამდენჯერმე უკვე დაზიანდა. ბოლოს ასეთი შემთხვევა გასულ თვეს მოხდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დასავლეთიდან მომავალ ავტომობილებს რამდენიმე საათიან საცობში მოუწიათ დგომა.
იხილეთ ასევე: