„არის ტოპ-დეველოპერების პროექტები, რომლებსაც საერთოდ არ უჭირთ ბინების გაყიდვა და ეს ტენდენცია მათ არ ეხებათ“ - როგორც კომპანია “საკურა ფროფერთის“ დამფუძნებელმა, ვიქტორია საკუროვამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ განაცხადა, ბინების გაყიდვების შემცირების მიუხედავად, ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა მატულობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასები მაღალ ნიშნულზე რჩება, თუმცა ეს ყველა პროექტს არ ეხება. არის ტოპ-დეველოპერების პროექტები, რომლებსაც საერთოდ არ უჭირთ ბინების გაყიდვა და ეს ტენდენცია მათ არ ეხებათ. მოთხოვნა მაინც იზრდება ხარისხიან პროდუქტზე.
ბევრმა მცირე და საშუალო ინვესტორმა მიგრაციის დროს შეიძინა ბინები და შემდეგ მიგრანტებზე დაიწყო მათი გაქირავება. სწორედ ამ პერიოდიდან გაძვირდა ბინები. ახლა მიგრანტების ნაწილი უკან დაბრუნდა რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში და ბინებზე მოთხოვნამაც იკლო, შესაბამისად, ახლა აქცენტი კეთდება ხარისხიან ბინებზე და კარგ ლოკაციებზე“, - აღნიშნა მან.
„საკურა ფროფერთის“ დირექტორის თქმით, ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ბინის შეძენა ძალიან არის გამარტივებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი პირობების გამო.
„გარდა იმისა, რომ ბაზარზე ხარისხიან ბინებზეა მოთხოვნა, გამარტივდა შეძენის პირობებიც, რომელთა ნაწილიც აქამდე შესაძლოა, წარმოუდგენლადაც მოგჩევენებოდათ: მაგალითად, თუ ადრე ვერ წარმოვიდგენდით, რომ პრემიალური დეველოპერი გთავაზობდათ 0%-იან წინასწარ შენატანს ან განვადებას, დღეს ეს უკვე შესაძლებელია. მითუმეტეს, რომ საუბარია ისეთ ხარისხზე, რომელზეც მე პირადად, ვერც ვიფიქრებდი 3 წლის წინ“, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.