ქართველი ფერმერებისთვის საინფორმაციო ბროშურები მომზადდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ევროკავშირის პროგრამის ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორის, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერით, ქართველი ფერმერებისთვის მომზადდა საინფორმაციო ბროშურები, სადაც ცალკეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების და პირუტყვის მოვლა-შენახვის ტექნოლოგიები დეტალურად არის აღწერილი.

პირველ ეტაპზე ბროშურები კარტოფილის, თხილისა და სიმინდის წარმოების ეფექტურ ტექნოლოგიებზე, ასევე, პირუტყვის მოვლის, რძის ჰიგიენისა და პირველადი დამუშავების შესახებ მომზადდა. ბროშურები განკუთვნილია ფერმერებისთვის, ვისაც სურს მცენარეთა და ცხოველთა მოვლის თანამედროვე მეთოდებს გაეცნონ. ბროშურაში კულტურების მოყვანის ფაზები დეტალურად არის აღწერილი. დიდი ყურადღება ეთმობა ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების კვლევასა და წარმოების ტექნოლოგიების გაცნობას და შეიცავს რეკომენდაციებს დაავადებების საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

"ფერმერებს ბროშურები ურიგდებათ ჩვენს საკონსულტაციო ცენტრებში, ასევე საველე გასვლებისა და მუნიციპალიტეტებში შეხვედრების დროს. ცოტა ხნის წინ იუსტიციის სახლის რაიონულ ცენტრებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდები დაიდგა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია აიღოს სასურველი საინფორმაციო მასალა", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა კერესელიძემ.

თითოეული თემატური ბროშურა რამდენიმე ათას ეგზემპლარად დაიბეჭდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში გავრცელდა. აღნიშნული ბროშურა ინტერაქციულია. რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ მკითხველს შეუძლია შეავსოს კითხვარი, რომელიც ბოლო გვერდზეა მოთავსებული, შეაფასოს განხილული საკითხების სარგებლიანობა და დააბრუნოს ახლომდებარე საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოხდება მონაცემების დამუშავება, რაც მათ დაეხმარებათ საკონსულტაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია უახლოეს მომავალში გეგმავს მსგავსი ბროშურების მომზადებას ვაშლისა და მანდარინის წარმოების, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებების პრევენციისა და ცხვრისა და თხის მოვლა-შენახვის საკითხებზე. შეგახსენებთ, რომ ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის - FAO ტექნიკური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები გახსნა. 2013 წლიდან მოყოლებული, რაიონების მასშტაბით, 54 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი დაარსდა, აქედან 9 რეგიონალური ცენტრია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს. FAO-ს ხელშეწყობით მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონსულტანტების გადამზადება და ცენტრების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. საინფორმაციო-საკონსულაციო ცენტრების მეშვეობით 250, 000 ფერმერმა მიიღო საჭირო ინფორმაცია, რაც ფერმერთა საერთო რაოდენობის 30-40%-ია. ფერმერებისთვის გავრცელდა ვიდეო გაკვეთილები მებოცვრეობაზე, რძის რეგლამეტსა და სილოსის მოყვანაზე. ვიდეოები ასევე რუსულ ენაზეც ითარგმნა და სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ფერმერებს დაურიგდა.