წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი მკვეთრად შენელდა. კერძოდ, პირველ კვარტალში რუსეთის მშპ, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ 1.4%-ით გაიზარდა, რაც წინა კვარტალზე (4.5%-ზე) სამჯერ, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (5.4%-ზე), თითქმის, ოთხჯერ ნაკლებია - მონაცემებს „როსსტატი“ ავრცელებს.
„როსსტატის“ მონაცემები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინასწარ შეფასებაზე უარესი აღმოჩნდა, რომელმაც მშპ-ის 1.7%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც Bloomberg-ის მიერ გამოკითხული, თითქმის, ყველა ანალიტიკოსის მოლოდინზე, ანუ 1.8%-იან პროგნოზირებულ ზრდაზე დაბალია. სამინისტროს მონაცემებით, პირველ კვარტალში სამრეწველო ზრდის ტემპი 5-ჯერ მეტჯერ, 5.7%-დან 1.1%-მდე შემცირდა, საცალო ვაჭრობის ბრუნვის ზრდა 5.5%-დან 3.2%-მდე, თითქმის, განახევრდა, ხოლო საბითუმო ვაჭრობამ 2023 წლის ზამთრის შემდეგ კვარტალში 2.1%-ით შემცირება პირველად დაიწყო.
რუსულ კომპანია GPB Private Banking-ში აცხადებენ, რომ სტატისტიკა „ეკონომიკის მკვეთრ დამუხრუჭებაზე“ მიუთითებს, ხოლო Raiffeisenbank-ის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ წლიური მშპ კვლავ დადებითია, ეს მხოლოდ გასულ წელს ნაჩვენები ზრდის შედეგია, წინა კვარტალთან შედარებით კი ეკონომიკა 0.4%-ით შემცირდა, რაც 2022 წლის შემდეგ პირველად ხდება.
Bloomberg Economics-ის რუსი ეკონომისტების პროგნოზით, აპრილის წინასწარი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ “გაციება” გაგრძელდება. მრეწველობაში ბიზნეს აქტივობის PMI-ინდექსი (Purchasing Managers' Index) 50 პუნქტზე დაბალი რჩება, რაც წარმოების შემცირებას ნიშნავს. ამასთან, რუსეთის რკინიგზის ქსელში სატვირთო გადაზიდვები, წინა წელთან შედარებით სწრაფად, კერძოდ, 9.7%-ით მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, მეორე კვარტლის ბოლოსთვის ეკონომიკა ტექნიკურ რეცესიაში გადაიზრდება, რაც ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში შემცირებას ნიშნავს.
ფედერაციის მთავრობა კვლავ პროგნოზირებს, რომ რუსეთის მშპ წლის ბოლომდე 2.5%-ით მას შემდეგ გაიზრდება, რაც წინა ორი წლის განმავლობაში ზედიზედ 4%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა, GPB Private Banking-ის შეფასებით, ამჟამინდელი სტატისტიკა მიუთითებს, რომ ზრდა ცენტრალური ბანკის პროგნოზის, ანუ 1%-ის ქვედა ზღვრამდე დაეცემა.
Raiffeisenbank წერს, რომ რუსეთის ეკონომიკა ცენტრალური ბანკის პოლიტიკის გამკაცრების, დასავლური სანქციების, მიწოდების სირთულეებისა და მაღალი ინფლაციის გამო არის შენელებული, რასაც ნავთობის დაბალი ფასები ართულებს. კერძოდ, Argus-ის მონაცემებით, ბარელზე 70 დოლარის ნაცვლად, რასაც ბიუჯეტის დაგეგმვისას მთავრობა პროგნოზირებდა, რუსული Urals-ის ნავთობის ფასი აპრილში 54 დოლარამდე დაეცა, ხოლო მაისის შუა რიცხვებისთვის მხოლოდ 50 დოლარი ღირდა. შედეგად ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის შემოსავლები იანვრიდან აპრილამდე 10%-ით შემცირდა, ხოლო მაისში, Reuters-ის გათვლებით, წინა წლის მაისთან შედარებით შესაძლოა, ერთი-მესამედით ნაკლები იყოს. ხაზინის დეფიციტმა ოთხი თვის განმავლობაში გასული წლის მაჩვენებელს, თითქმის, სამჯერ გადააჭარბა და 3.23 ტრლნ რუბლი (39.9 მლრდ დოლარი) შეადგინა, რის გამოც მთავრობამ მომავალი წლის ხარჯის შემცირების განხილვა დაიწყო.
ფინეთის ბანკის განვითარებადი ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, თავდაცვის ტრილიონობით რუბლის ხარჯმა და სამხედრო კონტრაქტორებისთვის გაწეულმა დახმარებამ გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 40% შეადგინა. ამდენად, გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, „თუ კრემლს ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილება სურს, მან ომის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგაც კი ხარჯი მიმდინარე დონეზე უნდა შეინარჩუნოს, რადგან თუ სამხედრო ხარჯი შემცირდება, ეს ბევრ რეგიონში სამუშაო ადგილების დაკარგვასა და ზოგად იმედგაცრუებას გამოიწვევს.“
„პარადოქსია, მაგრამ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებაც კი რუსეთის ეკონომიკისთვის ახალი, თუმცა მართვადი შოკი იქნება. პუტინს არსენალის შევსება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ომის შემდეგაც რამდენიმე წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯი მაღალი დარჩება,” - წერს Carnegie Russia Eurasia Center.
ცნობისთვის: უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ბოლო ინფორმაციით, კრემლმა საგანგებო სხდომა ჩანიშნა ქვეყნის შიგნით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების საგანგაშო შემცირების გამო. რუსეთის მთავრობა შიშობს, რომ შიდა ბაზარზე, განსაკუთრებით, თესვის სეზონზე შესაძლოა, საწვავის დეფიციტი გაჩნდეს. მიმდინარე მაისის მდგომარეობით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ნაწილი სიმძლავრეებს ამცირებს, ხოლო თუ კრიზისი გაღრმავდა, საწარმოები შესაძლოა, დროებით ან სამუდამოდ დაიხუროს.
„თუ ამჟამინდელი დინამიკა გაგრძელდა, მოსკოვი შესაძლოა სსრკ-ს დაშლის შემდეგ ენერგეტიკული ვერტიკალისთვის ყველაზე სერიოზული სისტემური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს. სანქციების ზეწოლასთან, გაყიდვის ბაზრების დაკარგვასთან და სამხედრო ხარჯთან ერთად ეს ქმნის რეალურ წინაპირობებს რუსეთის ეკონომიკის მთავარი საყრდენის, ნავთობისა და გაზის სექტორის ჩამოსაშლელად,“ - წერს უკრაინის საგარეო დაზვერვა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ