„ევროკავშირის ინტერესი შესაძლოა, შენელდეს“ - რა ბედი ელის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს

„თუ ევროპისადმი ანტაგონისტური დამოკიდებულება გვექნება და აქ იქნება რუსეთის გავლენები, შესაძლოა, ევროკავშირის ინტერესი შენელდეს“, - ასე პასუხობს ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დამფუძნებელი მურმან მარგველაშვილი „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ფონზე, რა ბედი ელის შავი ზღვის კაბელის პროექტს.

როგორც მარგველაშვილი განმარტავს, ევროკავშირს სურს დამოუკიდებელი მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შექმნა, შესაბამისად, თუ EU-მა საქართველოში რუსული გავლენები დაინახა, ქვეყნის კურსმა კი ევროკავშირს მკვეთრად დაშორდა, შესაძლოა, მათი ინტერესი პროექტის განხორციელების კუთხით შესუსტდეს.

მისი თქმით, ევროკავშირს გაცხადებული აქვს, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტში მისი ფინანსური მონაწილეობა 2.3 მილიარდი ევრო იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის ინტერესი შესუსტდა, გაურკვეველია, რამდენად შეძლებენ ჩართული ქვეყნები პროექტისთვის საჭირო თანხების მობილიზებას.

„არსებულ ვითარებაში შავი ზღვის წყალქვეშა პროექტთან დაკავშირებით ევროკავშირთან ურთიერთობა შესაძლოა, პრობლემური იყოს ორი თვალსაზრისით. ერთი - ამ პროექტის ფასეულობა ევროკავშირისთვის მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას მწვანე ენერგიის დერეფანი, რომელიც რუსეთისგან დამოუკიდებელი იქნება. ჩვენ თუ ევროპისადმი ანტაგონისტური დამოკიდებულება გვექნება და აქ იქნება რუსეთის გავლენები, შესაძლოა, ევროკავშირის ინტერესი შენელდეს.

მეორე - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არ არის კომერციულად მომგებიანი პროექტი, რომ კერძო ინტერესით განხორციელდეს. ევროკავშირს გაცხადებული აქვს 2.3 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური მონაწილეობის შესახებ, პროექტი მთლიანად დაახლოებით 3.6 მილიარდი ევრო ჯდება. ოთხი ქვეყანა ავითარებს ამ პროექტს და არ ვიცი რამდენად ექნებათ მათ ევროკავშირის გარეშე პროექტის დაფინანსებული საშუალება. ასევე საკითხავია, ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე უნგრეთსა და რუმინეთს რამდენად ექნება სურვილი, რომ ეს ენერგია თავად მიიღონ ევროკავშირის გარეშე“, - აღნიშნავს მარგველაშვილი.

ამასთანავე, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ალტერნატიული მარშრუტით, საქართველოს გვერდის ავლით განვითარდეს, მარგველაშვილი პასუხობს, რომ „ნაკლებად“.

„პროექტში ჩართული ქვეყნებიდან შავ ზღვაზე გასასვლელი გვაქვს ჩვენ. პროექტში მთავარი არის აზერბაიჯანის ინტერესი, რომ ოფშორული ქარის სადგურები განავითაროს. ბაქო სომხეთის გვერდის გავლით თუ მოახერხებს თურქეთში ენერგიის გატანას და იქიდან თუ გავა ევროკავშირში, ეს რთული საკითხია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, ევროკავშირი ხედავდეს მონოპოლიზმის საფრთხეებს თურქეთის მხრიდან. საკმაოდ რთული წინადადებაა და რთულად განსახორციელებელი.

თუ გვინდა დამოუკიდებელი დერეფნის როლის შესრულება, მსგავსი სტრატეგიული პროექტები არის სწორედ ამისთვის. თუმცა, შავი ზღვის კაბელის პროექტი არ არის მხოლოდ ერთი პროექტი, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის კონცეფციის განვითარება და შეიძლება, შუა დერეფნის ნაწილადაც მოვიაზროთ. გარდა ამისა, ამ პროექტზე ბევრი რაღაცის დაშენება შეიძლება შემდეგ, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური. რთული სათქმელია, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენ ამ პროექტიდან ეკონომიკურად არსებით სარგებელს ვნახავთ, მაგრამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მოგვცემდა ჩვენი განახლებადი მწვანე ენერგიების განვითარების შესაძლებლობას. ბევრი შესაძლებლობაა, მაგალითად, ბალანსირების სერვისის გაწევა, მწვანე წყალბადის წარმოება და მის გატანაზე მუშაობა და ა.შ“, - დასძინა მან.

კითხვაზე, რას უნდა აკეთებდეს საქართველო იმისთვის, რათა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განხორციელდეს, მარგველაშვილი პასუსხობს, რომ მკაფიო, ძლიერი, გრძელვადიანი პოლიტიკური ხედვა და სტაბილური გარემო უნდა შექმნას.

„სულ მინიმუმ არ უნდა წერდე უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებს წერილებს და სხვადასხვა ბრალდებას არ უნდა უყენებდე მათ... გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ვინაიდან სტაბილური და ჩამოუყალიბებელი ხედვების პირობებში გაუჭირდება როგორც ინვესტორს, ასევე ჩართულ მხარეებს პროექტში მონაწილეობა. რადგან, თუკი არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სურვილი ჩვენი მხრიდან, ვერ განხორციელდება მსგავსი რთული პროექტები, რადგან ამ პროექტს შესაძლოა, ჰყავდეს კონკურენტები არ იყოს იმდენად მომგებიანი და ა.შ“, - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა“-ს ხელშეწყობით უნდა განხორციელდეს.

2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ. სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.

მერი ტაბატაძე