მცირე და საშუალო ბიზნესი მარკირების წინააღმდეგია

უალკოჰოლო სასმელების მარკირების ვადა კიდევ ერთხელ გადაიდო

უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირება, რომელზეც ამდენი ხანია მსჯელობენ, კიდევ ერთხელ გადაიდო. ამ სახის პროდუქციის მარკირება ქართულ ბაზარზე 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს საკითხი რამდენჯერმე გადაიდო და სავარაუდოდ, ორი თვით კიდევ გადაიწევს. ეს იმიტომ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებმა პროდუქციის მარკირების ვადის გადაწევის თხოვნით მიმართეს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, გაზიანი, მინერალური და მტკნარი წყლების მარკირება, 1 სექტემბრიდან სავალდებულო უნდა გამხდარიყო, მაგრამ კომპანიებმა ზაფხულის სეზონისა და მარკირებისთვის საჭირო აპარატურის შეძენისა და განთავსების სირთულის გათვალისწინებით, მარკირების ამოქმედების თარიღის გადაწევა აუცილებლად მიიჩნიეს. ამის გამო მთავრობამ მარკირება 2015 წლის 1 ნოემბრამდე გადაავადა. პროექტის თანახმად, მარკირებას დაექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ენერგეტიკული სასმელები და წვენები.

მეწარმეებს არ მოსწონთ ახალი ტიპის გადასახადის შემოღება და აცხადებენ, რომ ის არა მარტო ბიზნესის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებსაც ეწინააღმდეგება.

მარკირების წინააღმდეგია ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც "კოკა-კოლაა". ამ კომპანის წარმომადგენელმა, ვახტანგ ლაღიძემ, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ ცვლილებას პროდუქციის გაძვირება მოჰყვება: "ეს რისკი არსებობს... 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ამის გამო უნდა გავაჩეროთ ჩამომსხმელი ხაზები, უნდა დავკარგოთ საკმაოდ დიდი დრო, ენერგია, თანხა. სულ ვამბობთ, რომ 1 თეთრზეა საუბარი, მაგრამ, რეალურად, კურსის ცვლილებიდან გამომდინარე, უკვე 1,3 თეთრია."

განსაკუთრებით აშფოთებთ მოსალოდნელი ცვლილება შედარებით მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს.

როგორც შპს "ქართული წყალი და კომპანიის" დირექტორმა მერაბ კუბლაშვილმა გვითხრა, ახალი ხარჯების დამატება ყველაზე მეტად დამწყები და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს დააზარალებს: "ჩვენ ამჟამად საწარმოს მშენებლობის და გაფართოების პროცესში ვართ და დღე-დღეზე ვიწყებთ პროდუქციის გამოშვებას. მარკირებას დამატებითი მანქანა-დანადგარები და ხარჯები დასჭირდება. თუ კიდევ ერთი გადასახადი დაგვემატება, ეს კიდევ უფრო გაგვირთულებს საქმეს. ისედაც უამრავი გადასახადი გვაქვს, წყლის გადასახადი - ცალკე, რეგულირების გადასახადი - ცალკე, აღარაფერს ვამბობ გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფებზე. ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება. თუ მსხვილი საწარმოებისთვის არის ეს პრობლემა, ჩვენთვის ხომ უფრო სერიოზული პრობლემა იქნება? დამწყები კომპანია ვერც "ნაბეღლავს" მიედრება, ვერც "ბორჯომს"  და ვერც - "კოკა-კოლას", ამიტომ, მას უფრო მეტი რისკი აქვს.

მერაბ კუბლაშვილის შეფასებით, ნოემბრამდე მცირე დროა, ამიტომაც ეჭვობს, რომ ამ ხნის განმავლობაში მარკირებისთვის სათანადოდ ვერ მოემზადებიან: "ორი თვე ბევრი არაფერია. კარგი იქნება, თუ ექვსი თვით მაინც გვადროვებენ და მარკირების შემოღებას მომავალ სეზონამდე გადადებენ. ჩვენ კომპანიის გაფართოებისთვის თანხებს ვეძებთ, ამხელა ინვესტიცია ჩავდეთ, 2012 წლიდან მშენებლობას ვეწევით, ძლივს დავამთავრეთ და ახლა დამატებითი ხარჯის გაწევა ძალიან გაგვიჭირდება. მით უმეტეს, უცხოურ ბაზრებზეც ვაპირებთ გასვლას - პროდუქციის გატანას ვიწყებთ ყაზახეთსა და თურქმენეთში, შემდეგ კი - რუსეთსა და ბელორუსში. უკრიანულ ფირმებთანაც გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ რა გადაწყდება, ჯერ არ ვიცით. ამ ყველაფერისთვის სერიოზული ფინანსები გვჭირდება. რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, აქ პროდუქცია მხოლოდ პოპულარულ ჰიპერმაკეტებში შეგვაქვს, თანაც, ძალიან დაბალ ფასში - მაგალითად, "ფლატე" ქსელში 65 თეთრად იყიდება, მაგრამ ხარჯების გაწევა პროდუქციას თავისთავად გააძვირებს, განსაკუთრებით, საქართველოს ბაზარზე."

მარკირებას არ მიესალმება უძველესი ქართული ლიმონათის საწარმო "ლაღიძის წყლები", რომელიც 1887 წელს დაარსდა.

სააქციო საზოგადოება "ლაღიძის" გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ლაღიძემ, bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნა: "არა მგონია ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს. პირადად მე, წინააღმდეგი ვარ მარკირების შემოღებისა. ჩვენი ფირმა თვეში 3000-5000 ბოთლზე მეტს არ ასხამს და ამ პირობებში მარკირება რა აუცილებელია? მსხვილ კომპანიებს, რომლებიც დიდი რაოდენობით პროდუქციას უშვებენ, შეიძლება არ გაუჭირდეთ, ჩვენ კი, მართლაც გაგვიჭირდება. ან რაში გვჭირდება მარკირება? - ჩვენს ნაწარმს ძირითადად რესტორნებში ვაბარებთ, მაღაზიებში არ ვყიდით იმიტომ, რომ მაღაზიაში ბოთლები გვეკარგება, ჩვენი ფირმის ბოთლი კი, საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ, აზრი არა აქვს ჩვენთვის მის გაყიდვას, რესტორნები კი, ბოთლებს უკან გვიბრუნებენ და მათთან თანამშრომლობა გვირჩევნია".

კომპანია "ლაღიძის" დირექტორიც ვარაუდობს, რომ მარკირების შემოღება უალკოჰოლო სასმელების გაძვირებას გამოიწვევს, ბუნებრივია, გაძვირდება "ლაღიძის წყლებიც". "რა თქმა უნდა, მარკირება გაძვირებას გამოიწვევს იმიტომ, რომ ამას დამატებითი ხარჯები დასჭირდება. უკვე სამოცი წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ასეთი რამ არ მახსოვს. ჩემთვის გაუგებარია, რა საჭიროა ყველაფრის ასე გართულება?! "-კითხულობს თორნიკე ლაღიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე