კახეთში მზესუმზირას მცირე მოსავალს ელოდებიან

წელს კახეთში მზესუმზირას მცირე მოსავალს ელოდებიან. ამის მიზაზად კახელი გლეხები უამინდობას ასახელებენ. ამბობენ, რომ გვალვის გამო, მარცვალი ფუჭდება და ცხიმიანობას კარგავს. "წელს მზესუმზირას კარგი პირი უჩანდა, მაგრამ ჯერჯერობით დამაიმედებელი მდგომარეობა არ არის. გვალვამ მოსავალი თითქმის გაანადგურა. თუ წვიმა არ მოვიდა მზესუმზირას მოსავალზე ხელს ჩავიქნევთ. მართალია, გაზაფხულზე ნალექი საკმარისი იყო, მაგრამ ზაფხულში წვიმა აუცილებელია მზესუმზირა რომ მოვიდეს,"-აცხადებენ კახელი გლეხები.

გარდა გვალვისა, მზესუმზირას პარტიზანი მცენარე-კელაპტარაც ანდგურებს. ეს მცენარე განსაკუთებით დედოფლისწყაროსა და სიღნაღშია გავრცელებული. ქიზიყში ამბობენ, რომ ამ სარეველასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, რის გამოც ნათესის ნაწილი ხმება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ კელაპტარა არის პარაზიტი, რომელიც მცენარის ფესვებზე სახლდება და იწოვს მცენარისთვის საჭირო ნივთიერებასა და საკვებს.

"მრავალი წელია მზესუმზირა მომყავს, სოფელში ზეთს ვხდი და შემდეგ ვყიდი. ეს ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ბოლო რამდენიმე წელია კელაპტარასთან ბრძოლა მიწევს. ზოგ ადგილას იმდენად არის მოდებული, რომ მასთან ბრძოლა შეუძლებლია. სარეველა მზესუმზირას თესლიდანვე სპობს. მზესუმზირა 1-1,2 მეტრი უნდა იყოს, თუმცა სადაც კელაპტარა მოედო, მუხლებამდე ძლივს გაიზარდა. კელაპტარა შარშან უფრო მოდებული იყო, ზოგის ნაკვეთი ისე გაანადგურა, რომ გადახნეს და მზესუმზირის ნაცვლად სხვა კულტურა მოიყვანეს. ძალიან ძნელია მისი მოსპობა, პრეპარატებით თითქოს დაამუშავებ მიწას, მაგრამ მოსავლის აღებამდე ისევ მოედება," - აცხადებს ვანო ხატიაშვილი.

კახეთში ამბობენ, რომ 1 ჰა-ზე საშუალოდ 2 ტონამდე მოსავალი მოდის. "წელს თუ ნალექი არ მოვიდა ამ ფართობზე 500 კილოგრამი მოსავლის აღებაც გაგვიჭირდება და ხარჯებსაც კი ვერ დავფარავთ, 1 ჰექტარზე მზესუმზირას მოყვანა 700-800 ლარამდე ჯდება" - ამბობენ კახელი გლეხები. ისინი ვარაუდობენ, რომ 1კგ. მზესუმზირას ფასი წელს დაახლოებით 1 ლარი იქნება.

თიკო გურაშვილი