“სირიისთვის ვართ დუბაის ჰაბის ალტერნატივა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ” - ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" განაცხადა.
მისი თქმით, 2018 წლის შემდეგ სირიაში ავტომობილების გაყვანა, ამჯერად თვითდინებით მოხდა, მაგრამ აუცილებელია, როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ჩართულობა.
"ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯები ნამდვილად არ გადაუდგამს ავტოიმპორტიორთა ასოციაციას. შეიძლება ითქვას, რომ თვითდინებით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ გიდასტურებთ, ჩვენი ასოციაცია თქვენთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ერთ-ერთი ალტერნატივა გვქონდა მათ შორის სირიაც. ანუ ის ქვეყნები, სადაც ადრე საომარი მოქმედებები მიდიოდა და შემდეგ უკვე შედარებით მშვიდობა დამყარდა და ეკონომიკის აღდგენა დაიწყო. ასეთ ბაზრებზე პირველი, რისი მოთხოვნაც გაჩნდება, არის სამშენებლო მასალები, რადგან ინფრასტრუქტურა განადგურდა და მეორეა სატრანსპორტო საშუალებები.
ჯერჯერობით, რომ გითხრათ, მანქანების სირიაში გაყვანა ჩვენი ჩართულობით ან რომელიმე კომპანიის საშუალებით მოხდა, ეს ასე არ არის, ეს თვითდინებით მოხდა, მაგრამ ამ მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. ამაში ასოციაციამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, კომპანიებმაც, სახელმწიფომაც.
ვფიქრობთ, ამ მონაცემებით დავუკავშირდეთ თუნდაც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას და ერთობლივად სამუშაო კვლევა ჩავატაროთ და ხელი შევუწყოთ ახალი ბაზრის ათვისებას.
ჩვენ სირიისთვის ვართ დუბაის ჰაბის ალტერნატივა. დუბაიდან ავტომობილების შეყვანის შემთხვევაში, გზა უფრო გრძელია, ჩვენ შედარებით ახლომდებარეობა გვაქვს.
უსაფრთხოების თვალსაზრისითაც უპირატეს მდგომარეობაში ვართ და ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ”,- ამბობს ალექსი ნონიაძე.
კითხვაზე, ელოდება თუ არა საქართველოდან სირიაში ავტომობილების რეექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას, ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ ჯერ შესაბამისი კვლევაა ჩასატარებელი.
"ალბათ მარკეტინგული კვლევა უნდა ჩატარდე. ჯერ ინფორმაციის მოძიების ეტაპზე ვართ, გვინდა ეს თემა უფრო გავშალოთ. ფაქტია, პოტენციალი არის და უცილებელია, მას შესაბამისი ყურადღება მივაქციოთ. თვითდინებით კი არ მივუშვათ, არამედ ჩავერთოთ, რადგან უფრო სარგებლის მომტანი გახდეს”, - ამბობს ალექსი ნონიაძე.
ცნობისთვის, საქართველოდან სირიაში ავტომობილების გაყვანა დაიწყო. მეტიც, ქვეყანა უკვე მანქანების რეექსპორტიორთა ათეულშია. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, წელს, იანვარ-აპრილში აღნიშნულ ქვეყანაში საქართველომ 70 ერთეული, 594.1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მანქანა გაიყვანა, რაც 2018 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მიხედვით, 2018 წელს საქართველოდან სირიაში 4 ცალი (12.47 ათასი აშშ დოლარის) ავტომობილი გავიდა; მანამდე, 2014 წელს მხოლოდ 1 ავტომობილის (1.14 ათასი აშშ დოლარი) რეექსპორტი განხორციელდა, 2013 წელს 44 ცალის (266.51 ათასი აშშ დოლარი), 2012 წელს 1 ერთეულის (3.8 ათასი აშშ დოლარი) და 2011 წელს 2 ერთეულის (14.16 ათასი აშშ დოლარი).
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წელს 4 თვეში საქართველოდან სირიაში ექსპორტირებული 1 ერთეული ავტომობილის ღირებულება, საშუალოდ, 8.5 ათასი აშშ დოლარია.
(შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მონაცემებით, გადასახადების გარეშე. ამასთან, ავტომობილის მარტისა და მოდელის გათვალისწინებით, ღირებულება შესაძლოა, მეტი ან ნაკლები იყოს).
ცნობისთვის, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ „ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ ქართველი დილერები სირიის ბაზრის ათვისებას გეგმავდნენ.