ტექნოლოგიური ცვლილებების მიუხედავად, ნაბეჭდი წიგნების მიმართ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი კვლავ მაღალია. მკითხველთა ინტერესები მრავალფეროვანია - დაწყებული პიროვნული თვითგამორკვევიდან და განვითარებიდან, დასრულებული სახელმწიფოებრივი პრობლემატიკითა და ძალაუფლებასთან დაკავშირებული საკითხებით.
ამაზე მეტყველებს იმ წიგნების ჩამონათვალიც, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი იყო 2025 წელს „ბიბლუსის“ ფილიალებში. საინტერესოა ისიც, რომ ტოპ-5 ყველაზე მოთხოვნად წიგნს შორის ორი ქართველი მწერლის ნაწარმოებიც მოხვდა.
უფრო კონკრეტულად, „ბიბლუსის“ ფილიალებში წელს მკითხველები არჩევანს შემდეგი ხუთი წიგნის შეძენაზე აკეთებდნენ:
„ძალაუფლების 48 კანონი“ - წიგნი გადმოგვცემს ძალაუფლების კანონების დაუნდობელ არსს, აერთიანებს მაკიაველის, სუნ ძის, კარლ ფონ კლაუზევიცისა და სხვა დიდი მოაზროვნეების მოსაზრებებს.
ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“ - რომანი საქართველოს ისტორიული რეალობის გამოძახილია; ავტორი მთავარი გმირის ზებულონის ამბით ადამიანური სულის უღრმეს ფენებში წვდომის საშუალებას გვაძლევს.
თემურ ბაბლუანის „მზე მთვარე და პურის ყანა“ - სათავგადასავლო რომანი მოგვითხრობს ერთ თბილისელ ბიჭზე, რომელიც უდანაშაულოდ ხვდება ციხეში და წლები სასტიკ რეალობასთან ბრძოლაში ატარებს. ეს არის ამბავი სიყვარულზე, გამძლეობასა და სულიერ გამარჯვებაზე, მაშინაც კი, როცა სამყარო დაუნდობელია.
ჯეიმს ქლიერის „ატომური ჩვევები“ - ეს წიგნი შეგიცვლით შეხედულებას პროგრესსა და წარმატებაზე და მოგცემთ სტრატეგიებს, რომლებიც გჭირდებათ თქვენი ჩვევების გარდაქმნისთვის.
ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალი“ - წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება, სადაც წლების განმავლობაში ერთი უბედურება მეორეს ანაცვლებს. ნაწარმოებში ავტორი ეხება რელიგიურ, ფილოსოფიურ, ლიტერატურულ საკითხებს და გვაცნობს ავღანელთა ცხოვრების წესს, ტრადიციებს, ჩვეულებებს.