რუსეთის ბაზარზე ჩრდილოეთკორეული ლუდი მასობრივად შედის. ამის შესახებ „როსაკრედიტაციის“ მონაცემებში წერია, რასაც RBC ავრცელებს.
კერძოდ, ვლადივოსტოკურმა კომპანია „ვოსტოკ-ენერგიამ“ ლუდ Tumangang-ის იმპორტის დეკლარაცია წარადგინა, რომელიც რუსეთთან სასაზღვრო ქალაქ რასონში იწარმოება.
Tumangang რუსეთის ბაზარზე მეორე ჩრდილოეთკორეული ლუდი გახდება. 2024 წლის სექტემბერში ვლადივოსტოკურმა კიდევ ერთმა კომპანია Vostokbeertrade-მა, ასევე, რუსეთში ჩრდილოეთკორეული ლუდის იმპორტის ნებართვა მიიღო. ეს მსუბუქი ფილტრის ლუდი Xinbalu 1999-ია და კიდევ ერთი ლუდი, Harbin Station, რომელსაც კომპანია, Heilongjiang Quanrun Beer Co აწარმოებს.
რუსეთში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაზე პირველი განაცხადი 2024 წლის დეკემბერში ჩრდილოეთ კორეის კიდევ ერთმა ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანიამ შეიტანა. განმცხადებელი კომპანია Naegohyang-ია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების საკუთრებაშია. კორეულ ენაზე კომპანიის სახელწოდება ითარგმნება, როგორც „ჩემი სამშობლო.“
თავდაპირველად Naegohyang სიგარეტს აწარმოებდა, თუმცა მოგვიანებით პროდუქციის ასორტიმენტი გააფართოვა და ამჟამად სოჯუს, სპორტულ ინვენტარს, ელექტრონიკასა და სხვა საქონელს აწარმოებს. ჩრდილოეთ კორეაში Naegohyang ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდად ითვლება, რომელიც პოპულარობით Adidas-ს ან Puma-ს შეედრება. კომპანია ეროვნულ ალკოჰოლურ სასმელებს საზღვარგარეთ აქტიურად უწევს პოპულარიზაციას, ხოლო სამიზნე ბაზარი რუსეთია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ