საქართველოსა და სირიას შორის ვაჭრობა 7-ჯერ გაიზარდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და სირიას შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 7-ჯერ გაიზარდა. ორ ქვეყანას შორის მოიმატა როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებელმა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაიწყო მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტიც, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პროდუქტი, რომლის შესყიდვა აღნიშნულმა არაბულმა ქვეყანამ დაიწყო. ჩამონათვალში მოხვდა თხილი და კაკალიც.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა სავაჭრო ურთიერთობა აქვს საქართველოს სირიასთან და რას ვყიდით/ვყიდულობთ.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველო-სირიას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7-ჯერ გაიზარდა. თუ 2024 წლის საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 155.6 ათას დოლარს შეადგენდა, წელს 1.193 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში ექსპორტმა 19 ათასიდან 779.7 ათას დოლარამდე მოიმატა, იმპორტმა კი 136.7 ათასიდან 413.1 აღას დოლარამდე.

რა გავყიდეთ სირიაში - ექსპორტირებული (რეექსპორტის ჩათვლით) პროდუქცია:

  • მსუბუქი ავტომობილები - 594.1 ათასი დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 139.8 ათასი დოლარი
  • მცენარეული წარმოშობის მასალები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 45.8 ათასი დოლარი

რა ვიყიდეთ სირიაში - იმპორტირებული პროდუქცია:

  • ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 226 ათასი დოლარი
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 170.8 ათასი დოლარი
  • ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 16.2 ათასი დოლარი

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო-სირიას შორის სავაჭრო ბრუნვა 14-წლიან მაქსიმუმზეა. როგორ უკვე აღვნიშნეთ, წელს 4 თვეში ბრუნვის მოცულობამ 1.193 მლნ დოლარს შეადგინა, ამაზე მეტი კი 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო - 1.198 მლნ დოლარი. მას შემდეგ კი ფაქტობრივად, სულ კლება ფიქსირდებოდა.