ცხინვალსა და ახალგორში ქართული პროდუქტი ოთხმაგ ფასად იყიდება

ცხინვალის რეგიონის ოსებსა და ქართველებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვები ჯერაც ძალაშია. მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონში, განსაკუთრებით ცხინვალში, დიდი რაოდენობთ ტვირთის შეტანა ეკრძალებათ, 5 კგ ტვირთის გადატანა უფასოა, ხოლო 5 კგ-ზე ზემოთ სპეციალურ გადასახადს ექვემდებარება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ადგილობრივების ინფორმაციით, დანარჩენ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა, უმეტესწილად, ცალმხრივია. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული პროდუქტი უპრობლემოდ შედის, თუმცა პირიქით იშვიათად ხდება. ჩვენი პროდუქტის შეძენას ოსები ქართველების შუამავლობით ადვილად ახერხებენ. მოთხოვნა თითქმის ყველაფერზეა სურსათ-სანოვაგით დაწყებული, ავეჯით დამთავრებული. რაც შეეხება ფასს, ოკუპირებულ რეგიონში ქართული პროდუქტი ოთხჯერ ძვირია. ყველაზე მეტი მოთხოვნა ქართულ ხილ-ბოსტნეულზეა, რომელიც იქ ერთ-ერთ სარფიან ბიზნესად ითვლება. რეგიონში ყველაზე მაღალი ფასი ცხინვალშია, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტქი გორიდან შეაქვთ. რაც შეეხება ნახევარფაბრიკატებსა და ტკბილეულს, მისი იმპორტი, ძირითადად, რუსეთიდან ხორციელდება.

მართალია, სურსათის დეფიციტი არ არის, მაგრამ მისი შეძენა, სიძვირის გამო, ადილობრივებს უკვე ძალიან უჭირთ.

მოვაჭრეებს, რომლებსაც საბუთები წესრიგში აქვთ, მიმოსვლა არ ეზღუდებათ.

ცხინვალში, ქართულთან ერთად, უმეტესწილად რუსეთიდან შემოსული პროდუქტი იყიდება. ახალგორელების ინფორმაციით, სურსათის შესაძენად ოსები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იშვიათად შემოდიან, თუმცა პროდუქტის მიღებას ადგილობრივი ქართველების დახმარებითაც ადვილად ახერხებენ. ოკუპირებულ რეგიონში ყველაზე დიდი მოთხოვნა ქართულ ხილ-ბოსტნეულზეა. დღევანდელი მდგომარეობით, ახალგორში 1 კგ პომიდვრის ფასი 3 ლარია, ცხინვალში კი 4 ლარზე ნაკლებად არ იყიდება. იგივე რაოდენობის კიტრი 2-2,50 ლარი ღირს, 2 ლარს აღწევს კარტოფილის ფასიც. 8-10 ლარის ფარგლებში იყიდება ტროპიკული ვაშლი და მსხალი, ხოლო ქართული ვაშლის ფასი 5 ლარამდეა.

რაც შეეხება ქარხნული წარმოების რძის პროდუქტს, მოთხოვნა, ძირითადად, რუსულ ნაწარმზეა. ქართული პროდუქტით მომარაგების მხრივ ოკუპირებული ახალგორის მცხოვრებლებს პრობლემა ნაკლებად აქვთ. ახალგორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მკვიდრი რუსუდან მესტუმრიშვილი ამბობს, რომ იქაურობა ქართული და რუსული პროდუქტით მარაგდება და ამ მხრივ დეფიციტი არ არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ "სამხრეთ ოსეთს" საქართველოსთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობა ბოლო დრომდე არ ჰქონია.

"ომის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, ქართული პროდუქტის შეტანა გვეკრძალებოდა. რამდენიმე კერძო ინიციატივას თუ არ ჩავთვლით, სავაჭრო კავშირი გაწყვეტილი იყო. ეს პროცესი ნელ-ნელა დაიწყო და უკვე აქტიურ ფაზაშია. თბილისიდან და გორიდან ქართველებს, ადგილობრივი ოსების შეკვეთით, ყველაფერი შეაქვთ, რისი ყიდვა-გაყიდვაც შესაძლებელია. ყველაზე დიდი მოთხოვნით ხილ-ბოსტნეული სარგებლობს. ეს იმიტომ, რომ რუსული აგრარული პროდუქტი, ძირითადად, ყუბანიდან შედის და ძალიან ძვირია. მაგალითად, თუკი ქართული ხილ-ბოსტნეული, აქაურ ფასებთან შედარებით, ოთხჯერ ძვირია, რუსული შეიძლება ხუთჯერ და ექვსჯერ მეტი ღირდეს. იყიდება აბსოლუტურად ყველაფერი, მათ შორის ვაშლი, ეს ხილი სამაჩაბლოში ყველას საკარმიდამო მამულშია, მაგრამ 5-6 ლარზე ნაკლებად მაინც ვერ იშოვით. უფრო რუსები ყიდულობენ და ამიტომაა ძვირი. ადგილობრივები მიკროავტობუსების მძღოლთა მომსახურებასაც არ ერიდებიან, მათ უხდიან მომსახურების საფასურს და სასურველი ნივთის ჩამოტანას უკვეთავენ", - ამბობს რუსუდან მესტუმრიშვილი.

ახალგორის მკვიდრი გენო გოგიაშვილი ამბობს, რომ ქართული პროდუქტის შეტანის მხრივ ხალხს პრობლემა არ აქვს, თუმცა ცხინვალის შემთხვევაში ასე არ არის. "ახალგორის მაღაზიებში ქართველებს თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი შეაქვთ, რისი გაყიდვაც შეიძლება. სურსათთან ერთად, აქტიურად იყიდება საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სამშენებლო მასალა. ხშირად ოსებიც უკვეთავენ. ისინი მათთვის საჭირო ნივთების ყიდვას ქართველების შუამავლობით ახერხებენ. ეს ის ხალხია, ვისაც ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა შეუძლია. ვისაც ცხინვალში ტვირთის შეტანა უნდა, გადასახადს ცალკე იხდის, თუმცა მთლიანობაში ბევრად იაფია იმასთან შედარებით, რა ფასიც ცხინვალში რუსეთიდან შემოტანილ ავეჯსა ან მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას ადევს. ყველაზე მეტი მოთხოვნა სარეცხ მანქანებსა და მაცივრებზეა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად რთული სიტუაციაა, სავაჭრო ურთიერთობაში პრობლემა აღარ არის", - ამბობს ახალგორის მკვიდრი, რომელსაც ყველაზე მეტად გაძვირების შიში აქვს.

"პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც ორმაგი დარტყმის ქვეშ ვართ. საკვები ლარშიც ძვირია და რუბლშიც. ყოველდღიურად აუცილებელი პროდუქტის შეძენაც გვიჭირს. ერთადერთი პური არ გაუძვირებიათ, დანარჩენ სურსათზე კი ფასმა საგრძნობლად მოიმატა. მთელ სოფელში ერთი კერძო მაღაზიაა, რომელიც გორიდან მარაგდება. ბლომად არის რუსული პროდუქტიც, მაგრამ ხალხს მისი ყიდვის საშუალება არ გვაქვს. რუსებიც ძველეუბრად ძალადობენ, შიშით სახლიდან ვერ გავსულვართ. არ ვიცი, ასეთ მდგომარეობას რა უნდა ეწოდოს. ცალკე ის მაშინებს, რომ შეიძლება ერთხელაც გავიღვიძო და ყველაფრის გარეშე დავრჩე, რუსი ჯარისკაცებისგან არაფერი უნდა გაგიკვირდეს. აქ ცხოვრება თანდათან აზრს კარგავს, საოჯახო ჭირნახულიც მუდმივად იკლებს. ცოტა სიმინდი და ლობიო მოგყვავს, ვაშლიც, მაგრამ გაყიდვა გვიჭირს, ნახევარი მოსავალი გვილპება", - ამბობს გენო გოგიაშვილი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"