„2025 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, ანომალიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღნიშნულ ეჭვს ამყარებს გასული წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის თანხვედრა უმუშევრობასა და დასაქმებასთან. უფრო დეტალურად, „ბიზნესპრესნიუსი“ ხიშტოვანის ანალიზს უცვლელად გთავაზობთ:
„ახალი მონაცემების გამოჩენა გვაძლევს შესაძლებლობას საქართველოში 2025 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის პარადოქსებზე გავაგრძელოთ წერა. ამჯერად, დასაქმების მდგომარეობისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე მინდა გავამახვილო ყურადღება:
როდესაც 2023-ის პირველ კვარტალში რეალური ეკონომიკური ზრდა, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 7.2%-ი იყო, დასაქმებული ადამიანთა რაოდენობა პირველ კვარტალში, წინა წლის წლის პირველ კვარტალთან შედარებით, გაიზარდა 5.9%-ით (70 ათასი ადამიანით მეტი დასაქმებული);
როდესაც 2024-ის პირველ კვარტალში ეკონომიკა, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 7.8%-ით გაიზარდა, დასაქმებულთა რაოდენობა პირველ კვარტალში, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, გაიზარდა 10.2%-ით (130 ათასი ადამიანით მეტი დასაქმებული);
და ამ დროს, როდესაც 2025-ის პირველ კვარტალში, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ეკონომიკა გაიზარდა 9.3%-ით, დასაქმებულთა რაოდენობა პირველ კვარტალში, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, შემცირდა 0.5%-ით (მინუს 7 ათასი ადამიანით ნაკლები დასაქმებული).
ვფიქრობ, ალოგიკურ და კონტრინტუიტიურ სიტუაციას ვიღებთ.
ჩემთვის ეს გარემოება კიდევ უფრო ამძაფრებს იმის ეჭვს, რომ ჩვენი პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, ანომალიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ყველა გამოთვლა ეფუძნება "საქსტატის" მონაცემებს“, - წერს გიორგი ხიშტოვანი.