ონლაინსესხები ცხოვრების გამარტივების გზა თუ "ფარული" ვალების სია

ინტერნეტსივრცეში, ტელევიზიითა თუ ბილბორდებზე ხშირად შეხვდებით წარწერას - "მარტივი სესხი რამდენიმე წამში", რომლის პირობებიც ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომია, ვისაც ამა თუ იმ საბანკო ანგარიშზე პროცედურისთვის საჭირო თეთრები გააჩნია. პირობები ძირითადად, ყველგან ერთნაირია. ქვეყანაში, სადაც თუნდაც, 200-300 ლარის ახლობლისგან მოკლე დროში სესხება არცთუ ისე ადვილია, წამებში დამტკიცებული ონლაინსესხი თითქოს, ხელსაყრელი გამოსავალია, მაგრამ ზოგიერთი ამ სიმარტივით უხეშად სარგებლობს და ოჯახის წევრებისგან ან მეგობრებისგან ფარულად ან მოტყუებით, მათი პირადობის მოწმობითა და საბანკო ანგარიშებით სარგებლობს, ინტერნეტით სესხს იმტკიცებს, თანხას იყენებს, პროცენტს კი აღარ იხდის, რის შემდეგაც, დავალიანება "რეალურ მფლობელს" ერიცხება. საარბიტრაჟო ბიუროებში ასეთი არაერთი მაგალითია. ერთ-ერთი ბიუროს თანამშრომელი, არბიტრის მდივან-თანაშემწე თამარ თედიაშვილი ამ პრობლემაზე გვესაუბრება.

- თამუნა, თქვენს ბიუროში ძირითადად, რა სახის საჩივრები განიხილება?

- სახელშეკრულებო დავებს განვიხილავთ. მაგალითად, იპოთეკით დატვირთული ბინების საკითხებს, მაგრამ ძირითადად, ავტოლომბარდისა და მიკრო, ონლაინსესხებთან დაკავშირებით მოდიან. ბევრი პრობლემური სესხია. ონლაინკრედიტების შემთხვევაში მათი გამოტანა ხდება არა რაიმე სახის გაყალბებით, არამედ უფრო მეტად, შინაურის მოტყუებით. არის შემთხვევები, როცა ადამიანს შვილი, მეგობარი, ახლობელი სთხოვს პირადობის მოწმობის მონაცემებს, რაიმე "ქარდის" გახსნას, რომელზეც თითქოს ბონუსები უნდა დააგროვონ. მოკლედ, შეიძლება გთხოვონ, მე ამ ქარდს ვერ ვაკეთებ, იქნებ შენს სახელზე გამომიტანოო და თუ ანგარიშები არ აკონტროლე და ეს ქარდები ასე დაარიგე, პირადობის მოწმობის მონაცემების მოძიებას ისედაც არაფერი უნდა, ონლაინსესხს შენგან დამოუკიდებლად მარტივად გახსნიან და ვერაფერს გაიგებ, ვიდრე პროცენტების დაგროვების შემდეგ, თვითონ კონკრეტული ორგანიზაციიდან არ დაგიკავშირდებიან. კომპანია რომ ჩივის, თანხა დამიბრუნეო, ზოგი აქ მოდის და წუწუნებს, - რა ვქნა, ადვილი და მაცდური სესხია, თავი ვეღარ გავაკონტროლე, ფული რომ დამჭირდა, გამოვიტანეო. შენ თავს თუ ვერ იკავებ, სხვა რა შუაშია? ბანკებს ეჩხუბებიან, რთული სესხები გაქვთო, ამათ ეუბნებიან, - პირობები გაამკაცრეთო.

- ამ კომპანიებთან თქვენ როგორ ურთიერთობთ? მათ ხელმძღვანელებთან თუ გაქვთ კავშირი?

- არა, მათი წარმომადგენელი და ჩვენთან შუამავალი, როგორც წესი, იურისტია. მას საქმეები მოაქვს, ჩვენ ვამზადებთ, პროცესი დაინიშნება და ა.შ. 18-20 წლამდე პირებზე სესხები არ გაიცემა, ამიტომ ისინი მშობლების ან სხვათა მონაცემებით სარგებლობენ. თუმცა, ასეთი ფაქტები მაინცდამაინც ხშირი არ არის, უფრო მეტად, ისეთი მოპასუხეები არიან, ვინც სესხი საკუთარი სურვილით აიღო... ძირითადად, 250-ლარიანი სესხი გამოაქვთ, განმეორებითის შემთხვევაში - 350, დიდ თანხებზე ლაპარაკი ნაკლებადაა. მერე, იმალებიან და ცდილობენ, დავალიანებს თავი აარიდონ. რატომღაც ჰგონიათ, რომ მათ ვერ იპოვიან. შეიძლება, ჩვენთან არ მოვიდნენ, მაგრამ არბიტრაჟს უფლება აქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღოს, შემდეგ კომპანიის წარმომადგენელი იურისტი სააპელაციო სასამართლოში მიდის, სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ადასტურებს და თუკი რაიმე არასწორია, სააღსრულებო ფურცელს არ გასცემს. თუმცა, ჩვენგან ყოველთვის გამართული გადაწყვეტილება მიდის და ეს პრობლემა არასდროს ყოფილა. სააპელაციოდან საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიდის, რომელიც პირს მოვალეთა რეესტრში ჩასვამს, შემდეგ კი შეუძლიათ ჩაწერილ მისამართზე მივიდნენ და მოძრავი ნივთები დაუყადაღონ. გარდა ამისა, ამ პირებს გაუფუჭდებათ პირადობა, არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას და ვერც ქვეყნის საზღვარს გადაკვეთენ. იგივე პროცედურებია ავტოსესხებთან დაკავშირებითაც.

- სხვისი საბუთებითა და ანგარიშით სარგებლობისთვის რაიმე სადამსჯელო ღონისძიება თუ ტარდება?

- თუ კონკრეტულ საქმეში თაღლითობის ფაქტი არ გამოვლინდა და ვინმემ არ უჩივლა, დაჭერა არ ხდება. თუ შენი სახელითა და პირადობით ვინმემ ისარგებლა, შეგიძლია, უჩივლო, თაღლითობისთვის მას დაიჭერენ კიდეც და ფულსაც გადაახდევინებენ, მაგრამ ვინაიდან მსგავს ფაქტებს ძირითადად, შინაურები აკეთებენ, ჩივილს ერიდებიან. დაგროვილი პროცენტის გადახდა, როგორც წესი, მოპასუხეს ევალება. თუ ვთქვათ, ბარათი ან მონაცემები დაგეკარგათ, ბანკში უნდა დარეკოთ და ანგარიში დააბლოკინოთ, რომ ვინმემ არ ისარგებლოს.

კომენტარი ერთ-ერთი ონლაინკომპანიის იურისტსაც ვთხოვე, მაგრამ მას ეყო ზრდილობა, ჩემთვის დიქტოფონი გამოერთო; ჟურნალისტები ამბების გადაკეთებაში დაგვადანაშაულა და ჩემს ძალიან მარტივ და მათთვის სრულებით არასაზიანო შეკითხვას თავი აარიდა. სამაგიეროდ, თვითონ მსესხებლები გულახდილად საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე.

იზა, 36 წლის:

- სამი შვილი მყავს. ერთოთახიანი ბინა ბანკის კრედიტით შევიძინეთ და მთელი ჩემი ხელფასი იმ ათწლიან სესხსა და ყოველდღიურ ხარჯებში მიდის. მოგეხსენებათ, მცირეწლოვანი ბავშვების რჩენა ცოტა არ ჯდება. ჩემი მეუღლე კი ხანდახან დროებით სამუშაოს თუ იშოვის... ცოტა ხნის წინ გამომიტყდა, რომ ინტერნეტსაიტებიდან თანხები გამოჰქონდა. სესხი 250-300 ლარიდან იწყება და ერთიდან რომ გამოიტანა და დახარჯა, თურმე, მერე მეორე საიტიდან აიღო, ის წინა გადაფარა, მერე კიდევ სხვა საიტიდან ცოტა მეტი გამოიტანა, რომ ისიც დაეფარა და ცოტა დარჩენოდა კიდეც. მოკლედ, საიტების რაოდენობა რომ ამოეწურა და ვეღარსაიდან ისესხა, წავიდა და წავიდა პროცენტები ზემოთ და ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ბევრი დაუგროვდა. მერე თურმე, ძმას მიადგა და მისი მონაცემებით სესხულობდა. ახლა მისი ვალი 1.300 ლარი გვაქვს. ჩემი ხელფასი ქმრის ვალებს დაფარვას ნამდვილად ვერ გასწვდება. ასე მარტივად და ჩუმად რომ არ აეღო ვალები, იქნებ პრობლემა არ მოგვმატებოდა...

იხილეთ სრულად