„ბევრი სიახლე გაჩნდება“ - შეეძლება თუ არა მოსახლეობას და მცირე ბიზნესს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა

„საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე“ ელექტროენერგიით ვაჭრობის გარდამავალი ეტაპი 2024 წლის ივლისიდან ხორციელდება, თუმცა, ამ დრომდე ვაჭრობა მცირე ბიზნესისა და მოსახლეობისთვის არ არის შესაძლებელი. 2025 წლის ივლისიდან იგეგმება საათობრივი დაბალანსების და საბალანსო ბაზრის ამოქმედება. ამის პარალელურად დავინტერესდით, ექნებათ თუა არა მოქალაქეებს და მცირე ბიზნესს ელექტროენერგიით ვაჭრობის საშუალება.

„ბიზნესპრესნიუსმა“ აღნიშნული კითხვით „ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გალდავას მიმართა. მისი თქმით, მოსახლეობისა და ბიზნესისთვის ბირჟაზე ვაჭრობის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა საბითუმო და საცალო ბაზრის განვითარებასთან ერთად მათთვის „ბევრი სიახლე გაჩნდება“.

„ბირჟა არის საბითუმო ბაზრის ერთ-ერთი და არა ერთადერთი სეგმენტი, რასაც შეიძლება მოხდეს ელექტროენერგიით ვაჭრობა. საბითუმო ბაზარზე, მათ შორის ბირჟაზე, ვაჭრობა დაკავშირებულია გარკვეულ ფიქსირებულ ხარჯებთან, რომელიც მოვაჭრემ უნდა გასწიოს. შესაბამისად, მოსახლეობისთვის და მცირე საწარმოებისთვის, მათი ზომიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ მომგებიანი არ არის საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვა.

ქართული კანონმდებლობით განსაზღვრულია კრიტერიუმები იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, ვისაც აქვს საბითუმო ბაზარზე, მათ შორის ბირჟაზე, ვაჭრობის უფლება (და არა ვალდებულება). მოსახლეობა და მცირე ბიზნესი კი განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება - მათ აქვს ელექტროენერგიის რეგულირებული პირობებით მიღების შესაძლებლობა.

მიუხედავად საბითუმო ბაზარზე პირდაპირი დაშვების შეზღუდვისა თუ მიზანშეუწონლობისა, მსოფლიო პრაქტიკაში ვხედავთ, რომ მიმწოდებლები მოსახლეობას და მცირე ბიზნესს მათი არჩევანის შემთხვევაში ელექტროენერგიას სთავაზობენ ფასით, რომელიც დაკავშირებულია და იცვლება ბირჟის ფასთან ერთად. მსგავსი შესაძლებლობა საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა საბითუმო ბაზრის პარალელურად საცალო ბაზრის განვითარებასთან ერთად ბევრი სიახლე და შესაძლებლობა გაჩნდება მოსახლეობისა და მცირე ბიზნესისთვისაც“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ირაკლი გალდავამ.

შეგახსენებთ, გასული წლის 1-ლი ივლისიდან ქვეყანაში ფუნქციონირება დაიწყო ენერგეტიკული ბირჟის გარდამავალმა მოდელმა. 2025 წლის 1-ლი ივლისიდან კი დაგეგმილია საათობრივი დაბალანსების და საბალანსო ბაზრის ამოქმედება, რაც გულისხმობს იმას, რომ საბითუმო ბაზრის მონაწილეები ნავაჭრი და ფაქტობრივად, მოხმარებული/წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობის დაბალანსებას საათობრივად განახორციელებენ.

იხილეთ ასევე: „ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტიური ვაჭრობა მუდმივად არ ხდება - მონაწილეები სიფრთხილით დგამენ პირველ ნაბიჯებს“ - ინტერვიუ

მერი ტაბატაძე