„რეაბილიტაცია სკოლის დასრულების შემდეგ უნდა დაწყებულიყო“ - ჯაფარიძე ვაკის ორ ქუჩაზე მოძრაობის 4 თვით შეზღუდვაზე

„რეაბილიტაცია სკოლის დასრულების შემდეგ უნდა დაწყებულიყო“ - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე ვაკეში, ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, საავტომობილო მოძრაობის 4 თვით შეზღუდვას, რამაც ადგილზე საცობები გამოიწვია.

მანვე ყურადღება გაამახვილა რეაბილიტაციის პროცესის მოკლე ვადაში განხორციელების შესაძლებლობასა და მოსახლეობის ინფორმირების საჭიროებაზე.

„ძალიან მალე სრულდება სკოლა, შესაბამისად, ჩემი აზრით, რეაბილიტაცია უნდა დაწყებულიყო მაშინ, როცა სკოლა დასრულდება. ადგილზე არის ბევრი სკოლა, შესაბამისად, ბევრი ბავშვი გადაადგილდება დილით. ქუჩის რეაბილიტაცია თუ საჭიროა, რა თქმა უნდა, უნდა განხორციელდეს კიდეც, თუმცა, ეს უნდა მოხდეს ისე, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ისეთი პრობლემა, რომელიც მოხდა დღეს - ადამიანები საათობით იდგნენ საცობში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ. გასაგებია, რომ მაღლივიდან ხიდი და გვირაბი გახსნილია, მაგრამ მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

მსგავს შემთხვევაში აუცილებელი არის მოსახლეობის ინფორმირება. მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ მერიის სამსახური, რომ მოეწოდებინათ ეს ინფორმაცია, თავისუფლად გავავრცელებდით, გვაქვს პლატფორმა, სადაც რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ეცნობა ინფორმაციას. გარდა ამისა, უნდა მომხდარიყო ინფორმაციის აქტიური გავრცელება და შესაძლებელი იყო ადგილზე მცხოვრები ადამიანებისთვის ინფორმაციის გაგზავნა. მაგალითად, როგორც ეს დაჯარიმების შემთხვევაში ხდება, როდესაც მათ თბილისი პარკინგიდან ავტომატურად მისდით ინფორმაცია. შესაბამისად, შესაძლებელი იყო ასეთი გაფრთხილების სისტემის ამუშავება ამ შემთხვევაშიც.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ უფრო მოკლე დროში განხორციელდეს ქუჩის რეაბილიტაცია და ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ მეტი თანხა დაიხარჯება. ვადების შემცირება მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ქალაქში დღეში 600-700 ათასი ავტომობილი გადაადგილდება და ნებისმიერი მსგავსი გამტარუნარიანი ქუჩის დაკეტვა მოსალოდნელი იყო რომ გამოიწვევდა საცობს და ფაქტიც სახეზეა“, - აღნიშნავს გიორგი ჯაფარიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

მერი ტაბატაძე