გუშინ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. შედეგად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დაადეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ირაკლი შვანგირაძის ფინანსური მდგომარეობითა და ქონებით.
როგორც ცნობილია, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე უნდა იყოს საჯაროდ განთავსებული, თუმცა, რამდენიმე თვეა ეს ინფორმაცია საიტზე ხელმისაწვდომი არ არის. ამის მიზეზად პორტალის ტექნიკური სამუშაოები სახელდება.
თუმცა, სანამ ეს დეკლარაციები ჯერ კიდევ საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა შესაბამისი ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.
შესაბამისად, ამ ბაზაში ჩანს, რომ ირაკლი შვანგირაძემ ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის ივლისში შეავსო.
დოკუმენტის მიხედვით, მოსამართლის სახელზეა მსუბუქი ავტომობილი „ჰონდა ფიტი 2010", რომელიც 2020 წელს 3500 დოლარად იყიდა. ხოლო მისი მეუღლის სახელზეა ავტომობილი TOYOTA PRIUS C, რომელიც 4733 დოლარად არის შეძენილი.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ირაკლი შვანგირაძეს ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 4 187 ლარამდე. ხოლო დანაზოგის სახით 23 000 აშშ დოლარამდე.
დოკუმენტის მიხედვით, ირაკლი შვანგირაძეს 2023 წელის 1-ლი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის პოსტზე ხელფასის სახით მიღებული აქვს 31 473 ლარი, ხოლო 2023 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელად 4000 ლარი.
რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის პოზიციას ირაკლი შვანგირაძე 2024 წლის დეკემბრიდან იკავებს, იქამდე 2022-2023 წლებში ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო; 2019-2021 წლებში - საადვოკატო ბიურო ვეტოს ადვოკატი; 2017-2019 წლებში კი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.