რკინიგზელთა პროფკავშირი მაღალი ტემპერატურის დროს სამუშაო პროცესის შემცირებას ითხოვს

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, რკინიგზის გენერალურ დირექტორს მამუკა ბახტაძეს მოუწოდებს, ზაფხულის პერიოდში, ყველაზე მაღალი ტემპერატურის დროს, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისთვის დროებით შეწყვიტოს ან შეამციროს სამუშაო პროცესი, ან შექმნას შესაბამისი პირობები.

"გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის ბიუროს ოფიციალური განცხადებით, მიმდინარე კვირაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაღალი ტემპერატურა იქნება შენარჩუნებული. ყველასთვის ცნობილია, რომ "საქართველოს რკინიგზაში" დასაქმებული მუშების უმრავლესობა წლებია ითხოვს სატვირთო გადაზიდვების ელმავლებში, სხვადასხვა საამქროებსა თუ დეპოებში, კონდენცირების სისტემის მოწესრიგებას, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, დღემდე არ შესრულებულა. ამ მხრივ, განსაკუთრებით ელმავლის და თბომავლის მემანქანეებს, ლიანდაგის მონტიორებს, ზეინკლებს და სხვა პროფესიულ მუშაკებს, საქართველოს რკინიგზაში, წლებია გაუსაძლისი პირობები აქვთ. მათ ზაფხულის პერიოდში 45-60 გრადუს სიცხეში უწევთ მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაცვის სააგენტოს პროგნოზი გამართლდა და ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება მაღალი სიცხე, რკინიგზაზე დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე ტემპერატურა 45-60 გრადუსს გადააჭარბებს, რამაც შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ავრცელებს.

ორგანიზაცია მამუკა ბახტაძეს მიმართავს, დროულად მიიღონ პრევენციული ზომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #69 დადგენილებით და მკაცრად დაიცვან აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილი სახელმძღვანელო ცხრილით აღებული ვალდებულებები.