ლილოს დასახლებაში ჩიფსების საწარმო გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლილოს დასახლებაში ჩიფსების საწარმო გახსნა. ინვესტორია ჟან ფედერიკ პაულსენი, რომელმაც 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ჩიპსებისთვის ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება მოხდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პაულსენების ოჯახი მსოფლიოში ცნობილია. რაც შეეხება ჟან ფედერიკს, ღარიბაშვილის განცხადებით, ის უკვე ორი წელია თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.

"ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ეს არის ნათელი გზავნილი ინვესტორებისთვის, თუ როგორი ბიზნეს გარემოა საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული სტიმულის და მაგალითის მომცემი სხვა ბიზნესმენებისთვის და ინვესტორებისთვის. ხშირად საუბრობენ საქართველოში არსებულ ბიზნესკლიმატზე და განწყობებზე. ეს არის ყველაზე ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში არის აბსოლუტურად ჯანსაღი ბიზნესგარემო. სხვა შემთხვევაში ისეთი ცნობილი ინვესტორი, როგორიც არის პაულსენი და მისი ოჯახი, არ შემოვიდოდა საქართველოში და არ განახორციელებდა ინვესტიციებს. ჩემთვის, როგორც პრემიერისთვის, მნიშვნელოვანია თუ რა განწყობები აქვს ბატონ პაულსენს და ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რას ფიქრობენ და რას საუბრობენ ოპონენტები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია იმის დასტურია, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად თავისუფალი და ჯანსაღი ბიზნესგარემოა. საწარმოს გახსნას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.