"ჯიპიაი ჰოლდინგი" კერძო პირების ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს

"ჯიპიაი ჰოლდინგი" კერძო პირების ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს. სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებით, 2015 წლის 3 აგვისტოდან ყველა ავტომფლობელს საქართველოში შესაძლებლობა ექნება, დარეგისტრირდეს "ჯიპიაი ჰოლდინგის" სტიქიისგან დაზღვევის პროგრამაში და მიიღოს სტიქიისგან დაზღვევის პოლისი უფასოდ.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით "ჯიპიაი ჰოლდინგის" რისკების მართვის დირექტორმა ირაკლი დვალმა დღეს გმირთა მოედანზე, ვარაზისხევის ასახვევთან, ზოოპარკის ქვედა მხარეს, კერძოდ, კი იმ ადგილას, რომელიც 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიამ დააზარალა, პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, სტიქიისგან უფასო ავტოდაზღვევა სადაზღვევო კომპანიის სოციალური პროექტია, რომლის მიზანიც საზოგადოების ფინანსურ დაცულობაზე ზრუნვა და სადაზღვევო კულტურის განვითარებაა.

როგორც "ჯიპიაი ჰოლდინგში" აცხადებენ, 13 ივნისის წყალდიდობამ ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა რისკების მენეჯმენტისა და ფინანსური ზარალისგან თავდაცვის ეფექტიანი სისტემის არსებობა. ამ გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელვანი ნაწილია სადაზღვევო მექანიზმები, ისე, როგორც ეს დანერგილია განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში.

"მიგვაჩნია, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა, სადაზღვევო მექანიზმების განვითარებით და გავრცელებით ხელი შევუწყოთ ისეთი სისტემის შექმნას ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს რისკის მართვის მექანიზმების დანერგვას და ფინანსური ზარალის მინიმუმამდე დაყვანას. ამიტომ სტიქიის უფასო დაზღვევით ჩვენ ხელშესახებ პრეცედენტს ვქმნით, რაც ათასობით ადამიანს ფინანსური თავდაცვის რეალურ გარანტიებს აძლევს მსგავსი მოვლენების დროს. ეს პროექტიც იმას ემსახურება, რომ მასშტაბურად დავინახოთ გამოწვევა და მასიურად გავავრცელოთ სადაზღვევო თავდაცვის მექანიზმები ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგებთან საბრძოლველად. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ კერძო ქონება უნდა იყოს დაზღვეული და არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფოს იმედად. ჩვენ, ერთის მხრივ, გვინდა დაცული ფინანსური მომავალი შევუქმნათ ავტომფლობელებს და მეორეს მხრივ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ დაზღვევის კულტურის ამაღლებისკენ", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ჯიპიაი ჰოლდინგის" რისკების მართვის დირექტორმა ირაკლი დვალმა.

უფრო კონკრეტულად კი, 2015 წლის 3 აგვისტოდან ყველა ავტომფლობელს შესაძლებლობა ექნება, დარეგისტრირდეს "ჯიპიაი ჰოლდინგის" პროგრამაში და მიიღოს სტიქიური რისკების დაზღვევის პოლისი საჩუქრად. სადაზღვევო ღირებულებად განისაზღვება ავტომობილის საბაზრო ღირებულება. პროგრამა მოქმედებს მთელ საქართველოში და ვრცელდება კერძო პირების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებზე. პოლისის მისაღებად მსრუველები უნდა გამოცხადდნენ საქართველოს მასშტაბით "ჯიპიაი ჰოლდინგის" ნებისმიერ ფილიალში. პოლისი მოქმედებს გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში. დარეგისტრირება შესაძლებელია 2015 წლის 31 დეკემბრამდე. დაზღვეულია შემდეგი რისკები - წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, დიდთოვლობა, მიწისძვრა, ღვარცოფი.