2024 წელს ბიზნესმა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 2 547 საჩივრით მიმართა. საანგარიშო პერიოდში 2023 წელთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა 11%-ით შემცირდა, თუმცა, 12.7%-ით გაიზარდა სადავო თანხის მოცულობა. კერძოდ, თუ 2023 წელს სადავო თანხა 1.055 მლრდ ლარს შეადგენდა, 2024-ში 1.189 მლრდ-მდე მოიმატა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სამართლის დოქტორი ზვიად გაბისონია განმარტავს, დავების შემცირება შესაძლოა, გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით: ადმინისტრირების გაუმჯობესებით, საბჭოების მიმართ ნდობით, ამნისტიის მექანიზმითა და ა.შ.
„საბჭოების ინსტიტუტს პოზიტიურად ვუყურებ, რადგან შედარებით მოკლე ვადაში ასრულებს დავას. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ მოსამართლე გახლავთ პროფესიონალი იურისტი და ის არ არის საგადასახადო თემებში ჩახედული. საბჭოების შემთხვევაში მივესალმები იმას, რომ იურისტები კი არ განიხილავენ საკითხს, არამედ დარგის სპეციალისტები, რომლებიც კარგად ერკვევიან საგადასახადო დარიცხვის მეთოდოლოგიაში, გადასახადების სახეობებში, დაბეგვრის საკითხებში და სხვა. თავისთავად ასეთი საბჭოების არსებობა, რომელიც ვადაში შეამოკლებს და გააიაფებს დავას, ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სტატისტიკა თუ გვიჩვენებს რომ დავები მცირდება, ეს ნიშნავს გარკვეულწილად იმას, რომ ნდობა მაღალი აქვს საბჭოებს. მეორე ვერსია, რომ დავები მცირდება იმიტომ, რომ ბიზნესს ჰგონია სამართალს ვერ იპოვის და არ იწყებს დავას, საგადასახადო დავების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდო მგონია, რადგან საუბარია ბიზნესის ფინანსურ ვალდებულებებზე. ალბათ, დარიცხვის მეთოდოლოგია და საგადასახადო ადმინისტრირება, ასევე, საგადასახადო შეთანხმების ნაწილი ეფექტურად მუშაობს; ამას თუ დავუმატებთ ამნისტიის საკითხსაც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ მიზეზებმა გამოიწვია დავების შემცირება“, - აცხადებს გაბისონია.
მისი თქმით, საგადასახადო დავების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემცირება გამოწვეული იყოს გადასახადის გადამხდელის შეხედულებით, რომ სამართალს ვერ იპოვის ან იმით, რომ პროცესი დროში გაიწელება და ფინანსურად არამომგებიანი იქნება მისთვის.
„როდესაც საფინანსო დავებზეა საუბარია, იმის კომფორტის არ აქვს მხარეს, რომ აირჩიოს, წავიდეს თუ არა სასამართლოში. ერთი რომ, მისთვის საგადასახადო დავის დაწყება დროში მოგებას ნიშნავს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ინსტანციებს იმიტომ გადის ეს დავა, რომ სხვა დამატებითი არგუმენტაცია უნდა წარადგინოს, გარდა იმისა, რაც საგადასახადო ნაწილში იყოს, სასამართლო იხილავს წმინდა სამართლის ნორმებზე დაყრდნობით.
მე არ ვფიქრობ, რომ ბიზნესი თუ მიიჩნევს, რომ დროში გაწელილი პროცესია, მხოლოდ ამის გამო არ წავა სასამართლოში, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს. ალბათ, უფრო მეტად ისეთი შემთხვევებია, როდესაც ბიზნესი თვლის, რომ საგადასახადომ იმდენად ზუსტად განუსაზღვრა გადასახადების ნაწილი, რომ სასამართლოში წასვლას, ხარჯის გაწევას და დროის დაკარგვას აზრი არ აქვს“, - დასძინა მან.
ამასთანავე, რესპონდენტს ვკითხეთ, რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც დავების საბჭოს გადაწყვეტილებას ბიზნესი სასამართლოში ასაჩივრებს.
„ბევრი არ იქნება მსგავსი შემთხვევა, რადგან პრაქტიკა საკმაოდ კარგად არის გაანალიზებული. არ მგონია, რომ დიდი ნაპრალი იყოს ამ კუთხით სასამართლოში. ძირითადად, სასამართლოში თუ მტკიცდება, მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ კანონსაწინააღმდეგო დარიცხვები მოხდა და ცალსახად ეწინააღმდეგება იურიდიულ ნორმებს“, - აღნიშნავს სამართლის დოქტორი.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ბიზნესმა გამოტანილი განაჩენის შემდეგ გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს, გაბისონია პასუხობს, რომ კანონმდებლობაში მსგავსი „ნაპრალები“, პრაქტიკულად, არ არის.
„მექანიზმი ისე არ მუშაობს, რომ მხარეს მისცეს საშუალება, საკანონმდებლო მანიპულაციების გზით თავი აარიდოს გადასახადების გადახდას. გარდა ამისა, კანონმდებელმაც იცის, რომ მსგავსი ტიპის ნაპრალს თუ დატოვებს, გადასახადის გადამხდელი ამას გამოიყენებს, ამიტომ, ასეთი საკანონმდებლო ნაპრალები, პრაქტიკულად, არ არსებობს და გაკოტრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს, როცა ამის რეალური საფუძვლები არსებობს“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
ინფორმაციისთვის, დავების განხილვის საბჭო წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების განმხილველ ორგანოს. სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, ხოლო არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.