გიორგი კვირიკაშვილი: ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის შემდეგ ვეტოს გამოყენების მიზეზს ვერ ვხედავ

"ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის მერე, რომელშიც ჩართული იყო ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მე ვერ ვხედავ ვეტოს გამოყენების მიზეზს", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებას ეხებოდა.

"ეს არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ორი თვის ძალიან გამჭვირვალე პროცესის მერე, რომელშიც ჩართული იყო ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მე ვერ ვხედავ ამის გამოყენების მიზეზს. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს საკითხები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, შეიძლება გახდეს აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი, მაგრამ ძირითად ნაწილში, წარმოდგენილი რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებულ იქნა. ამიტომ, მართალი გითხრათ, ჩემთვის ცოტა უცნაურია ამ სიტუაციაში პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მისი უფლებამოსილებაა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.