აფხაზეთში მცხოვრებლებს GEM fest საჩუქარს უკეთებს

ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 30 ივლისიდან ანაკლიაში დამსვენებლებს ელის. ათასობით ბილეთია გაყიდული. აშენდა ხუთი სცენა, კეთილმოეწყო კარვების ტერიტორიაც, რომელსაც ხელოვნური დაჩრდილვა ექნება, ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ იქნება მაქსიმალურად კომფორტული და იაფი ფასები სტუმრებისთვის და რაც მთავარია, ლაინ-აფი, რომლის მსგავსიც ჯერ საქართველოში არ ყოფილა, GEM fest მუსიკალურად ყველაზე მრავალფეროვანი ფესტივალი იქნება მთელი კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

დანიშნულია სპეცრეისები, რომლითაც საქართველოში ჩამოვლენ არმინ ვან ბიურენი, „დაბფაიარი“, „ბუკა შეიდი“, ელენ ელიენი, დიჯეი ლუჩიანო. დაუკრავენ ქართველი დიჯეები და ბენდებიც. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი.

საზაფხულო კინოთეატრი ახალგაზრდა რეჟისორებს უმასპინძლებს, კინოჩვენებების ფარგლებში მაყურებელს მოკლემეტრაჟიან ფილმებს მთელი ფესტივალის განმავლობაში, საღამოობით შესთავაზებენ.  ფესტივალის მიმართ დიდია მედიის ინტერესი, აკრედიტებული არიან ჟურნალისტები როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.

ფესტივალის გახსნამდე ერთი დღით ადრე GEM fest-ის ორგანიზატორები აფხაზეთში მაცხოვრებლებს სპეციალური წინადადებით მიმართავენ. ყველა მათგანს ფესტივალზე უფასოდ დასწრების შესაძლებლობა ექნება, მთავარია მხოლოდ სურვილი და ანაკლიაში ჩასვლა. GEM fest აფხაზეთში მცხოვრებლებიდან ყველას ეპატიჟება და უსასყიდლოდ გადასცემს 9 დღის განმავლობაში გასამართ ყველა ივენთზე დასასწრებ აბონემენტს.

GEM fest- ის ოფიციალური მხარდამჭერია bpn.ge.