არასამთავრობოთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის აზრით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.

სწორედ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები და ამ საკითხზე პრეზიდენტის ალტერნატიული მოსაზრებები არის ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრის მთავარი თემა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ პრეზიდენტი აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს უფლებას განიხილავს.  "რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება, თუ პრეზიდენტი ვეტოს დადების უფლებას განიხილავს. ეს მიზანშეწონილი იქნება, იქედან გამომდინარე, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური და, ზოგადად, საბანკო სექტორი უნდა იყოს დამოუკიდებელი. როდესაც საუბარია ბანკებზე ზედამხედველობაზე, ეს უნდა განახორციელოს დამოუკიდებელმა სამსახურმა. ამ კანონისთვის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არ არის, შესაბამისად საფრთხის ქვეშ დგება ზოგადად საბანკო სექტორის განვითარება. ასევე მგონია, რომ ყველაფერთან ერთად, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები არის ანტიკონსტიტუციური და ძალიან კარგი იქნება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხი განიხილება", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ თემაზე მისმა ოპონენტებმა ხელოვნურად ატეხეს აჟიოტაჟი, გიგაური აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში არასამთავრობოები ერთადერთი მხარე არ არის, ვინც საუბრობს, რომ ეს არის დამაზიანებელი კანონპროექტი, ამაზე საუბრობენ EBRD, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით კი, ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად ბინძური ხერხებით ბრძოლა ეროვნული ბანკის წინააღდეგ.  "სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ დამკვიდრებულ პრინციპებს. ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს და იმ საერთაშორისო რჩევებს, რასაც ჩვენ ძალიან თამამად გვაძლევენ. რაც მთავარია, ეს ეწინაადგება კონსტიტუციას, ამიტომ ჩემი აზრით, აუცილებელია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა", – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.