"ისრაელში ქართული პური ისევ გავა, უბრალოდ, იქ ექსპორტი ასე მარტივი არ არის“ - მალხაზ დოლიძე

“ისრაელში საქართველოში წარმოებული პურის 5 სახეობა გავიდა, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა” ,- ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ “ბიზნესპრესნიუსთან” ისაუბრა.

მისი თქმით, პირველ პარტიად 5 სახეობის, ჯამში 35 ათასი ცალი პური გაიგზავნა, ერთი ცალის ღირებულება კი ადგილზე 3,5 დოლარს შეადგენს.

როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, ექსპორტი გაგრძელდება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს მარტივი პროცესი არ არის.

“საქართველოში წარმოებულ პურს ისრაელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა მეც უნდა ჩავიდე ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯამში 35 ათასი ცალი პური გაიგზავნა. იქ ადგილზე ღირს 15 შეკელი, დაახლოებით 3.5 დოლარი.

გაიგზავნა 5 სახეობის საქართველოში დამზადებული პური, მათ შორის: თეთრი რძიანი პური, მოხარშული ცომის შავი პური, შავი ქლიავით გაკეთებული და ა.შ.",- ამბობს მალხაზ დოლიძე.

კითხვაზე, სამომავლოდ გაიზრდება თუ არა ექსპორტი და რომელიმე სხვა ადგილობრივი კომპანია ხომ არ გეგმავს პროცესში ჩართვას, დილიძე ამბობს, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია და ჯერჯერობით გამორიცხულია.

"ძალიან მოეწონათ და კიდევ განხორციელდება ექსპორტი. უბრალოდ ასე მარტივი არ არის. მხოლოდ ერთმა კომპანიამ, "იფქლი დიღომმა"

გაიტანა, მაგრამ ჯერჯერობით გამორიცხულია ეს სხვა კომპანიამაც შეძლოს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი სამუშაო პროცესია. დაახლოებით, 2-3 წელია ამ პროექტზე მუშაობს. ეს ერთ დღეში არ ხდება. ამას წინ უძღოდა ტექნოლოგიური სქემები, ტექნოლოგებთან კონსულტაციები, აქ საჭიროა გადაიარაღება, ტექნოლოგიების დანერგვა, მოხარშული ცომი. გარდა ამისა, ამ ყველაფერს სჭირდება სათანადო ნედლეული და ა.შ. ამიტომ, უახლოეს პერიოდში სხვა კომპანიის მიერ ექსპორტს ფაქტობრივად, გამოვრიცხავ”, - ამბობს მალხაზ დოლიძე.

ნინი ქეთელაური