სოხუმისა და სოჭის აეროპორტები ერთმანეთს რკინიგზით დაუკავშირდება - გუნბა

მაისში სირიუსის ფედერალური ტერიტორიიდან აფხაზეთში გაშვებული ელექტრომატარებლის მარშრუტი გაგრძელდება და ერთმანეთს სოჭისა და სოხუმის აეროპორტებს დააკავშირებს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ TASS-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, სირიუსი-სოხუმის სარკინიგზო მარშრუტი ორ აეროპორტამდე ორი წლის განმავლობაში გაფართოვდება.

„ვიმედოვნებთ, გავაფართოვებთ ამ ელექტრომატარებლის გეოგრაფიას, რომ სოჭის აეროპორტი სოხუმის აეროპორტთან დავაკავშიროთ. ამჟამად, კოლეგებთან ერთად ვმსჯელობთ, რომ რკინიგზის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია დავიწყოთ. ვფიქრობ, ერთნახევარიდან ორ წელიწადში ამ აეროპორტებს რკინიგზით დავაკავშირებთ,“ - ამბობს გუნბა.

მისი თქმით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სოჭიდან სოხუმამდე და გაგრამდე საზღვაო კომუნიკაციის პროექტიც მოქმედებდა, თუმცა მარშრუტის სიგრძის, გატარებაზე შეთანხმების პროცედურისა და სასაზღვრო შემოწმების სირთულეების გამო ის ტურისტებში პოპულარული არ იყო. სწორედ ამიტომ აფხაზეთმა რკინიგზასა და საჰაერო კომუნიკაციაზე გადაიტანა ყურადღება.

ცნობისთვის, 1-ლი მაისიდან პირდაპირი სამგზავრო ავიამიმოსვლის გარდა, ასევე, პირველად სოხუმში სირიუსის ფედერალურ ტერიტორიაზე მდებარე კურორტ იმერეტინსკის სადგურიდან ელექტრომატარებელი „დიოსკურია“ ყოველდღიურად მოძრაობს. „დიოსკურია“ EP2DM-სერიის თანამედროვე რუსული ელექტრომატარებელია, რომელსაც რუსებმა სოხუმის უძველესი სახელი დაარქვეს. ის ოთხი ვაგონისგან შედგება. ორივე სადგურიდან ელექტრომატარებელი დღეში ორჯერ, კერძოდ, იმერეტინსკის კურორტის სადგურიდან თბილისის დროით 11:35-სა და 21:25 საათზე, ხოლო სოხუმიდან 06:40-სა და 17:20 საათზე გადის. მგზავრები ე.წ. საბაჟო-სასაზღვრო კონტროლს რუსეთის ვესიოლოესა და აფხაზეთის განთიადის სადგურებზე უშუალოდ მატარებელში გადიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ