სოხუმში პირდაპირი ფრენები შესაძლოა პერმიდანაც დაიწყოს

ცენტრალურ რუსეთში მდებარე პერმის მხარის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ პერმიდან სოხუმში შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები გაიხსნას. ინფორმაციას RBC Perm მხარის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ეს საკითხი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მოინაწილეობით ისეთ ავიაკომპანიებთან იქნა განხილული, როგორიც არის UVT Aero, „სიბირი,” „იკარი,” Azimut, Nordwind Airlines და სხვები.

„ჯერჯერობით ავიაკომპანიებს არ აქვთ ტექნიკური შესაძლებლობა, ამ რეისისთვის თვითმფრინავები გამოყონ,” - წერია მხარის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, პერმის მხარის ხელისუფლება მზად არის, სოხუმში პირდაპირი რეისები სამხარეო ბიუჯეტიდან დაასუბსიდიროს.

27 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რუსეთიდან აფხაზეთში ფრენების გეოგრაფია ფართოვდება და ამჟამად მუშაობა ახალ მიმართულებებზე მიმდინარეობს, რომლის მიმართაც რუსული ავიაკომპანიები აქტიურად იჩენენ ინტერესს.

ცნიბისთვის, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა 32 წლის შემდეგ 1-ლი მაისიდან აღდგა. კერძოდ, თბილისის დროით 15:47 საათზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ს 50-ადგილიანი Bombardier CRJ-200-ის თვითმფრინავი გამოფრინდა. სოხუმში მეორე პირდაპირი რეისი 13 მაისს, ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდანაც შესრულდა. სანქცირებული ავიაკომპანია „იკარის“ 100-ადგილიანი Embraer 190-მოდელის თვითმფრინავი ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტიდან საღამოს აფრინდა, ხოლო სოხუმიდან უკან 14 მაისის ღამეს გაემგზავრა.

ასევე, სოხუმში კიდევ ერთი სანქცირებული ავიაკომპანია Nordwind Airlines-იც იფრენს, რომლესაც „როსავიაციამ“ ყაზანიდან და უფადან რეისების შესრულების ნებართვა მისცა.

ამის გარდა, თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero, რომელიც მოსკოვი-სოხუმი-მოსკოვის რეისს ყოველ შაბათს ასრულებს, კვირაში ორჯერ იფრენს. ასევე, UVT Aero-ს კვირაში ორჯერ ნალჩიკიდან სოხუმში ფრენის ნებართვაც მიეცა, ხოლო „იკარმა“ ნიჟნი-ნოვგოროდი-სოხუმის რეისზე კვირაში შვიდჯერ ფრენის ნებართვა მიიღო. ამ ეტაპზე ავიაკომპანიას თავის განრიგში ნიჟნი-ნოვგოროდი-სოხუმის რეისი კვირაში ერთხელ, პარასკევობით აქვს დაგეგმილი, რომლის სუბსიდირებისთვის ნიჟნი-ნოვგოროდის მერია 14,8 მლნ რუბლს (186 ათას დოლარამდე) გამოყოფს.

UVT Aero, „იკარი” და Nordwind Airlines იმ ავიაკომპანიების შავ სიაშია, რომლებიც ევროკავშირმა დაასანქცირა და ბლოკის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 აპრილს ევროკომისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები „უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ არ აკმაყოფილებენ. ეს ავიაკომპანიებია: Аэрофлот, Победа, Россия, Utair, Smartavia, NordWind, NordStar, „ურალის ავიახაზები“, „ციმბირის ავიახაზები,“ Ижавиа, Якутия, Аврора, Авиастар-ТУ, Русджет, ЮВТ аэро, Ираэро, АЛРОСА, Руслайн, Ямал „იკარი“ და Скол.

უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ანუ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ავიახაზების ფრენებზე შეზღუდვები დააწესეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ