გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ - PMCG

2025 წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურ ხელფასს იღებდნენ, წინა წლის აპრილთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა და 991 677 შეადგინა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

PMCG-ის ანალიზით, მიუხედავად აპრილში, თვის ჭრილში ზრდისა, მთლიანად ხელფასის მიმღებთა ზრდის ტემპი წლიურად 2.6 პროცენტული პუნქტით შენელებას აჩვენებს.

„2025 წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 12.9%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში 600-1199 ლარის ფარგლებში ხელფასს იღებდა 209 ათასი ადამიანი, ხოლო 1200-2399 ლარის ფარგლებში - 310 ათასი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2400-ლარზე მეტი თვიური ხელფასი აპრილში სულ 273 ათას ადამიანს ჰქონდა.

„წელს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 34%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

აპრილში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.1%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, - ვკითხულობთ PMCG-ის კვლევაში.

მერი ტაბატაძე