მასკი ამბობს, რომ ტრამპის ხარჯების კანონპროექტი „ძირს უთხრის“ ყველაფერ იმას, რაც მისმა დეპარტამენტმა 4 თვეში გააკეთა

ილონ მასკმა გააკრიტიკა რესპუბლიკელების მიერ დაინიცირებული და წარმომადგენელთა პალატაში მიღებული ხარჯების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მისი აზრით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ გაწეულ სამუშაოს „ძირს გამოუთხრის“.

„გულწრფელად რომ ვთქვა, იმედგაცრუებული ვარ ხარჯების კანონპროექტით, რომელიც არა მხოლოდ ბიუჯეტის დეფიციტს გაზრდის, არამედ ჩემი დეპარტამენტის მიერ გაწეულ სამუშაოს ძირს გამოუთხრის.

ვფიქრობ, კანონპროექტი შეიძლება დიდი ან ლამაზი იყოს, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება იყოს თუ არა ის ერთდროულად ორივე“, - განაცხადა მასკმა CBS Sunday Morning-ის ეთერში.

ტრამპისა და რესპუბლიკელი კონგრესმენების აზრით, კანონი ხარჯებს ძირითად სფეროებში შეამცირებს და საკმარის ზრდას გამოიმუშავებს იმისთვის, რომ გადასახადების შემცირება დააკომპენსიროს. CNBC-ის ცნობით, სავარაუდოა, რომ კანონპროექტი სენატისგან ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება.

ცნობისთვის, DOGE, იგივე აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, იანვარში შეიქმნა, მარტის ბოლოს კი ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იმ მომენტისთვის 170 მლრდ აშშ დოლარი დაზოგა - ზოგჯერ საკამათო გზებითაც, მათ შორის, სამთავრობო სექტორში დაახლოებით 275 ათასი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებით.

Washington Post-თან ინტერვიუში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ფედერალური ბიუროკრატია „ბევრად უარესია, ვიდრე წარმოედგინა“.

გეტყვით იმის შესახებაც, რომ ამჟამად აშშ-ის ეროვნული ვალის სრული ოდენობა 36.2 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ირაკლი ფოფხაძე