გურიის გუბერნატორმა ჩინეთის ჩაის მარკეტინგის ასოციაციის დირექტორი მიიღო

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა გურიის მხარეში გია სალუქვაძემ დღეს ჩინეთის ჩაის მარკეტინგის ასოციაციის დირექტორი ჯანჯეინ ლაიენი სამუშაო ჯგუფთან ერთად მიიღო.

გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინვესტორთა ჯგუფი გურიის რეგიონში ინვესტიციის განხორცილებას, ჩაის გასაშენებელი ფართობების (ზღვის დონიდან 800 მეტრი) მოძიებას, წარმოების აღდგენასა და ფაბრიკის აშენებას გეგმავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. ,,ჩაის აღორძინების მიმართულებით საქართველოს მთავრობა პროგრამაზე მუშაობს, რომელშიც გურიის რეგიონიც არის ჩართული. ინვესტორთა ჯგუფის უმსხვილეს მწარმოებელთა მოთხოვნა ჩაის ფართობების ზღვის დონიდან მაღალ ტერიტორიებზე, მთაში მოძიება გახლავთ, ვინაიდან ასეთ პირობებში წარმოებულ ჩაიზე მოთხოვნა გაცილებით მეტია. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ პროდუქტი გაცილებით მაღალ ფასში გაიყიდება. იგეგმება ჩინეთიდან უახლესი ტექნოლოგიების ჩამოტანაც, რაც მსოფლიო ბაზარზე ჩაის, როგორც ქართული ბრენდის გატანის შესაძლებლობას მოგვცემს", - აღნიშნა გუბერნატორმა.

მხარეები ინფორმაციების გაცვლის კუთხით ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.