2024 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, 2010-2024 წლებში, ყველაზე მაღალი 2010 წელს იყო 37.3%, ხოლო ყველაზე დაბალი გასულ წელს 9.4%.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.8% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.9%-ს გაუტოლდა.
როგორც „საქსტატი“ განმარტავს, 2024 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 12.1% შეადგინა (-4.0 %) 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 9.3% (-2.1%) ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 6.7 % (-1.3 %).
ამასთან, სტატისტიკის თანახმად, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისათვის, შემცირებულია 2.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 9 და 9.8% შეადგინა.