სოციალური უთანასწორობა შემცირდა - საქართველოში შემოსავლებს შორის განსხვავება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,01 პუნქტით შემცირდა და 0.35 ნიშნულს მიაღწია.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სახსრების მიხედვით, შემცირდა 0.02-ით და 0.35 შეადგინა, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების და მთლიანი ხარჯების მიხედვით არ შეცვლილა და შესაბამისად 0.36 და 0.40 შეადგინა.

„საქსტატის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2015-2024 წლებში, მთლიანი შემოსავლების მიხედვით, უთანასწორობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი - 0.41, 2017 წელს იყო, ხოლო ყველაზე დაბალი 2024 წელს.

რაც შეეხება ჯინის კოეფიციენტს მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით, ყველაზე მაღალი ასევე 2017 წელს იყო - 0.40, ყველაზე დაბალი კი 2021-22 წლებში 0.34.

ცნობისთვის, ჯინის კოეფიციენტი ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს, რომელიც 0-დან 1-ის ინტერვალში მოძრაობს. მაგალითად, თუ ჯინის კოეფიციენტი 0-თან ახლოს ან 0-ის ტოლია, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლებს შორის განსხვავება საერთოდ არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 1-თან ახლოს ან 1-ის ტოლია, მაშინ მოსახლეობის შემოსავლებს შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია.დამუშავება და გამოქვეყნება დაიწყო.

ნინი ქეთელაური