ТСН: უკრაინა შავ ზღვას უკვე 90%-ით აკონტროლებს - ევროკავშირი საზღვაო უსაფრთხოების ცენტრს ქმნის

უკრაინამ შავი ზღვის სრული კონტროლის მიზნის 90%-ს მიაღწია. ინფორმაციას ТСН ქვეყნის მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამმართველოს, ცნობით ამჟამად მნიშვნელოვანია, ამ უპირატესობის შენარჩუნება, რისთვისაც უკრაინის მუშაობა და აქტივობა შავ ზღვაში მუდმივი უნდა იყოს, რომ რუსეთმა „სქემის გადაწყობა“ ვერ შეძლოს.

ასევე, Bloomberg-ის ცნობით, პოტენციური საფრთხეების მონიტორინგისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად ევროკავშირი შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნას გეგმავს. ინიციატივა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა წარადგინა.

ეს ნაბიჯი „შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის სტრატეგიის“ ფარგლებში დაინიცირდა. ის მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და სხვა რეგიონებთან ევროპის დაკავშირებას, ეკონომიკურ განვითარებასა და თანამშრომლობის გაფართოებას.

კალასის თქმით, ახალი უსაფრთხოების ცენტრის მიზანი სათვალთვალო შესაძლებლობების გაძლიერებით პოტენციური საფრთხეების ადრეული გაფრთხილებაა. მან დასძინა, რომ ასეთი ინფორმაცია უკრაინას და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებს შეძლებისდაგვარად მიეწოდება.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული დამპყრობლური ომის კონტექსტში სტრატეგია, ასევე, გააძლიერებს ევროკავშირის, როგორც საიმედო მოთამაშის გეოპოლიტიკურ როლს შავი ზღვის რეგიონში. ევროკავშირი უფრო მჭიდრო თანამშრომლობას განავითარებს უკრაინასთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან და უფრო მჭიდრო რეგიონულ კავშირებს ხელს შეუწყობს,“ - წერია დოკუმენტში.

ასევე, დოკუმენტის თანახმად, ამ სტრატეგიის განხორციელება „ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ციფრული და სავაჭრო დერეფნების მეშვეობით, რომლებიც შავი ზღვის რეგიონს ბალტიისპირეთთან, ხმელთაშუა ზღვასთან, სამხრეთ კავკასიასთან, კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს“.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ