„ჩვენი ანაბრების დაზღვევის 300 მლნ-დან 280 მლნ უკვე შეჭმულია, ბიუჯეტმა მოიხმარა“ - რომან გოცირიძე

„ჩვენი ჯიბიდან, ანაბარს რომ შევიტანთ, მთელი ეს ფული - 280 მლნ-მდე წაღებული აქვს მთავრობას და შეჭმულია. მთელი ჩვენი ანაბრების თანხა ბიუჯეტის მიერ არის მოხმარებული“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში 2024 წელს საქართველოს მთავრობას 4.8 მლრდ დოლარს ედავებოდნენ. საქმეებიდან ერთი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, რის გამოც, ჯამური მოთხოვნა 3.3 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

„პირველია - ეს 3.3 მლრდ დოლარის ვალდებულება, რომელიც საქართველოს აქვს სასამართლოებში. საუბედუროდ, 2 მლრდ-მდე გვაქვს გადასახდელი ლარებში, რაც არის კატასტროფა. ორი საქმეა - „ენკა“ და „რუსული „ინტერ რაო“. ამ ორმა კომპანიამ ერთად 460 მლნ დოლარი მოგვიგო.

მეორე - რისკებია სახელმწიფო საწარმოებზე, რომლებსაც ძარცვავს „ქართული ოცნების“ კლანი. ეს არის რკინიგზა, გაზის სექტორი, ენერგეტიკის სექტორი, რომლებიც ყოველწლიურად წაგებაზეა, ბიუჯეტიდან უზარმაზარი ფული მიაქვთ და ფაქტობრივად, საოჯახო ბიზნესი გახდა. ბაქო-ჯეიჰანიდან რომ ნავთობსადენი გადის და იქიდან ფული რომ შედის ნავთობისა და გაზის კორპორაციაში და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზი რომ გადის და იქიდანაც ფული რომ შემოგვდის, მთელი ეს რესურსები სად იფლანგება?

მესამე რისკი, რომელზეც არასოდეს არავის არ უსაუბრია, ეს არის დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. ჩვენი ჯიბიდან, ანაბარს რომ შევიტანთ, ფულს ვიხდით. დეპოზიტების დაზღვევის ფონდი არის დაახლოებით 300 მლნ. მთელი ეს ფული წაღებული აქვს მთავრობას და შეჭმულია ანუ 280 მილიონამდე დეპოზიტების დაზღვევის ფული არის ბიუჯეტის მიერ მოხმარებული.

სხვათაშორის, აქ არ არის ნახსენები საპენსიო ფონდი - 6.7 მლრდ ლარი. აქედან უზარმაზარი ნაწილი მთავრობას უკვე წაღებული და შეჭმული აქვს. ანუ, ის, რაც ჩვენ გვგონია, რომ გვაზღვევს, მთავრობა ჭამს და აღარ არსებობს“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ეკა დარჩიაშვილი