„საპარკინგე სივრეები არ შემცირდება - სამუშაოები დაგეგმილზე მალე დასრულდება“ - ვაკის ქუჩების რეაბილიტაციაზე 18 მლნ დაიხარჯება

„საპარკინგე სივრეები არ შემცირდება,“ - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

„ერთი კვირაა რაც დავიწყეთ ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მოწყობა. მოხდება ვაკის სასაფლაოს ფერდის გარკვეული ნაწილის მოჭრა, რათა საფეხმავლო ბილიკი, რომელიც არ არსებობდა, გაკეთდეს. გაკეთდება დამჭერი კედელი.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი მწვანე სივრცეების მოწყობა, გარე განათებების დამონტაჟება. საპარკინგე სივრეები არ შემცირდება, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა,“ - განაცხადა მან.

მისი თქმით, კონტრაქტით სამუშაო ვადები 9 სექტემბრამდეა გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები გაცილებით მალე დასრულდება.

„კონტრაქტით სამუშაოების ვადა გათვალისწინებულია 9 სექტემბრამდე, თუმცა პროცესი იმდენად სწრაფად მიდის, რომ გაცილებით მალე დავამთავრებთ. მთავარია წვიმამ არ შეგვიშალოს ხელი,“ - განაცხადა ბენდელიანმა.

პროექტის ჯამური ღირებულება 18 მლნ ლარია.

ეკა დარჩიაშვილი