„ოცნების კოშკებს ვერ ავუგებთ ვერავის - ინვესტორებს ვთავაზობთ იმას, რაც გვაქვს" - ნუცა აბრამიშვილი

„ოცნების კოშკებს ვერ ავუგებთ ვერავის, ინვესტორებს ვთავაზობთ იმას, რაც გვაქვს", - ამის შესახებ "შუხმან გრუპის " გენერალურმა დირექტორმა და უძრავი ქონების ასოციაციის FIABCI GEORGIA - ს პრეზიდენტმა ნუცა აბრამიშვილმა, "პალიტრანიუსის" გადაცემაში " სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან", განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში უძრავი ქონების ინვესტიციებზე, როგორც მეზობელი, ასევე საერთაშორისო ბაზრებიდან მოთხოვნა დიდია. ამის ერთ-ერთ მიზეზად მან უსაფრთხო და ბიზნესისთვის ლიბერალური გარემო დაასახელა.

"შუხმან გრუპის" გენერალური დირექტორი ღვინის ინდუსტრიასაც შეეხო და განაცხადა, რომ ქართულ ღვინოს აქვს პოტენციალი მსოფლიო დახლებზე კონკურენტუნარიანი იყოს, განსაკუთრებით კი აშშ-ს ბაზარზე. აბრამიშვილი ფიქრობს, რომ ამისთვის მთავარი ხარისხის სტაბილურობაა.

"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით:

დავიწყოთ ღვინოზე საუბრით. როგორი იყო გასული წელი "შუხმანისთვის" და რა მოლოდინები გაქვთ მიმდინარე წელს?

წლიდან წლამდე სხვადასხვა გამოწვევების მართვა გვიწევს სექტორს, გამომდინარე იქიდან, რომ "შუხმან ჯგუფი" არის დივერსიფიცირებული მის საქმიანობაში, დაწყებული მევენახეობით, დამთავრებული ტურიზმითა და გასტროტურიზმით. ღვინის მიმართულებით საკმაოდ სტაბილური 2-3 წელი გვაქვს. რა თქმა უნდა, არის ბუნებრივი კატაკლიზმები და ფერმერს მუდმივად უწევს მობილიზება, დიდი მომზადება, თუმცა შარშან ეს არ შეგვხებია და გვქონდა ძალიან კარგი წელი, მივიღეთ კარგი მოსავალი ყველა პარამეტრით და შევუდექით რეალიზაციას. დიდი ბაზრების დაპყრობა და პოზიციონირება, ჯერ კიდევ, წლების წინ დავსახეთ.

ტურიზმის და ღვინის მიმართულებით სატარიფო დილემებმა, მოაღწია თუ არა სექტორამდე?

ამ სატარიფო პოლიტიკას შეიძლება ძალიან კარგი გავლენა ჰქონდეს ქართულ პროდუქტებზე, მათ შორის, ღვინოზე. ჩვენ ვსაუბრობთ ტარიფებზე, რომელიც გეომეტრიული ზრდადობით მოდიოდა დიდ ქვეყნებზე და ყველაზე პატარა ტარიფი შეეხო ყველაზე პატარა ქვეყანას, ამ შემთხვევაში - ჩვენ. აქედან გამომდინარე, ამერიკის ბაზარზე, რომელიც არის უმძლავრესი და ჩვენთვის პრიორიტეტული, დიდი შანსი აქვს საქართველოს. ღვინის მაგალითზე თუ ვიტყვით, ყველაზე ნაკლები ტარიფი ღვინოს შეეხო და ქართული ღვინის იმპორტი, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, დაწინაურდა. ძალიან საინტერესოა, რა მაჩვენებელზე გავა ჩვენი სტატისტიკა წლის ბოლოს.

ცოტა გაგვიჭიანურდა ურთიერთობები ამერიკასთან და კანადასთან. ალბათ, სასურველია ამ მიმართულებით უფრო კარგად გვემუშავა…

კანადასთან მიმართებაში ვიტყოდი, რომ ძალიან სპეციფიკური კანონები მოქმედებს. იქ ცხადდება ტენდერები სხვადასხვა რაოდენობაზე, სხვადასხვა ღვინოზე და შემდგომ ხდება ქართული ღვინის იქ წარდგენა და ჩვენც ვართ სხვადასხვა პროექტში ჩართულები, ამ ტენდერის ფარგლებში. ქართული ღვინო არის ეროვნული პროდუქტი და რამდენიმე კომპანია ვერ განახორციელებს პოზიციონირებას არჩეულ ბაზრებზე, შესაბამისად, ამერიკა ჩვენი ცალსახა პარტნიორია, რომელთანაც ბევრი მიმართულებები გაკეთდა, მათ შორის, მარკეტინგულ ჭრილშიც. ჯერ ხდება პროდუქციის გაცნობა, უნდა მიხვდნენ რა არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, რატომ უნდა აირჩიონ ქართული ღვინო და ეს პროცესი დაწყებულია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია დახარჯული. აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა მკვიდრდება ქართული ღვინის ცნობადობა აშშ-ს ბაზარზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობადობის დამკვიდრება ხდება ქართული ქვევრის ღვინით. ეს ისტორია, რომელიც ჩვენ ღვინოს მოჰყვება, ძალიან ხიბლავთ ამერიკელებს და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატების ფორმულა, რომ ყოველთვის იყოს მაღალი ხარისხის ღვინო წარდგენილი, განსაკუთრებით ასეთ ბაზრებზე.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ევროპაში დახლებს არ გვაძლევენ? და ზოგადად, რამდენად ვართ მზად "ვეჭიდაოთ" და შევიდეთ კონკურენტულ ჭიდილში სხვა ექსპორტიორებთან?

ეს არის, ცალსახად ჯანსაღი კონკურენცია. როგორც ჩვენ ვამტკიცებთ სხვადასხვა ბაზრებთან თუ რატომ საქართველო, რატომ ქართული პროდუქტები, ასე არის ქართული ღვინოც. რაც არ უნდა ვთქვათ, საქართველო მაინც არის ახალი ბაზარი. ჩვენ ვართ მსოფლიოს ნაწილი, მაგრამ პატარა ნაწილი, თუმცა საინტერესო. ამის დადებითად გამოყენებას ვუყურებთ, როგორც პერსპექტივას, გამოწვევას, შესაძლებლობას, რომ იმ დახლებზე, სადაც რთულია თავის დამკვიდრება, ვიყოთ კონკურენტუნარიანი. ჩილე და ავსტრალია რომ ავიღოთ, მათი კომპანიების მწარმოებლურობა საშუალოდ არის რამდენიმე მილიონი ბოთლი, 20-ზე მეტი, ამას სხვა სიმძლავრეები აქვს და სხვა ფინანსურ სიმძლავრეებს განაპირობებს. ამიტომ იქ მარტივია.

ყოველთვის ჩვენი მიზანი უნდა იყოს ხარისხი. ხარისხით შესაძლებელია გავუწიოთ კონკურენცია სხვა ქვეყნებს და ასევე ჩვენი ლეგენდით, კულტურული მემკვიდრეობით, ბუნებით, ყველა იმ მიმართულებით, რაც იუნესკომ აღიარა, როგორც ქართველი ხალხის არამატერიალური აქტივი. როდესაც ხსნიან, მაგალითად ჩილეს ღვინოს, მეტ-ნაკლებად იციან რასაც უნდა ელოდონ. ქართული ღვინო არის აღმოჩენა. 500-ზე მეტი ჯიში არის საქართველოდან, მაშინ როდესაც მსოფლიოში არსებობს 2500 ჯიში, ანუ ერთი მეოთხედი გვაქვს ჩვენ. ეს უნიკალური მოვლენაა. ამიტომ ამ საინტერესო, ნიშურ ჭრილში შესაძლებელია არმია მომხმარებლის მოვიზიდოთ. დროა დაინტერესდნენ უნიკალური ამბებით.

მინდა ვისაუბროთ ინდუსტრიულ ნაწილზე. ვაწარმოებთ ღვინოს, ვქმნით ძალიან მაგარ პროდუქციას, რომლითაც ვაოცებთ მსოფლიოს, მაგრამ შიდა სივრცეში მაინც გვიჭირს ინდუსტრიული კომპონენტების განვითარება. გვიჭირს მინის, საცობის წარმოება. რატომ გვაქვს ეს პრობლემა დღემდე?

ჩვენც გვიკვირს და ჩვენც ვისურვებდით, რომ იმპორტირებული ჩანაცვლდეს ადგილობრივი წარმოებით. არ მოხდეს თანხების გადინება და ჩაბრუნდეს ეს ფული ქვეყანაში. თუმცა, ძალიან ცოტა რამ არის, რისი წარმოებაც საქართველოში ხდება და ისიც ძვირი ღირს, იმიტომ, რომ მწარმოებელს უწევს ნედლეულის იმპორტი და აქ საბოლოო სახის მიცემა, რაც ძვირი გამოდის. ამიტომ მწარმოებელი არჩევს იმპორტს, რაც არ არის მომხიბვლელი, მაგრამ სხვა გზა არ არის. როგორც ჩვენ ვართ ეროვნული პროდუქტის მწარმოებელი, მინდა ასეთ ბევრ კომპანიას ვხედავდე, რომლისგანაც ვიყიდით და არ ჩამოვიტანთ შორი გზიდან ბევრ პროდუქციას.

მწარმოებლურობის პრობლემაა საქართველოში. სტარტაპების სიცოცხლისუნარიანობა არის ძალიან ხანმოკლე, ყველას ეშინია ბიზნესის დაწყება. ხშირ შემთხვევაში, სტარტაპის ფაზას ვერ ცდება, ყველა ვინც იწყებს ბიზნესს. აქ ჩნდება ფინანსური ხელმისაწვდომობის შეფერხება, ხისტი საბანკო პოლიტიკა, კადრების პრობლემა და მრავალი სხვა. ამან განაპირობა მწარმოებლურობის ხარისხის დაგდება. ჩვენ არ გვაქვს იაფი კრედიტი, იაფი ფული, თუმცა არსებობს მიმართულებები, მაგალითად, შეღავათიანი აგროკრედიტები. ჩვენც ბენეფიციარები ვართ და ბევრი კომპანია გაძლიერდა ამით, სტარტაპის ფაზა გაიარა და ბევრი პროდუქტის მიმწოდებელი გახდა.

ვერ ჩამოვყალიბდით ვერასდროს მწარმოებელ ერად, ალბათ, კონსტიტუციის დონეზეა რაღაცები განსასაზღვრი, რომ ცოტა პროტექციონისტები ვიყოთ ჩვენივე წარმოებასთან მიმართებაში...

ჩვენ მეორეს მხრივ, სხვა ბენეფიციარები გვყავს, რომელთაც სჭირდება დახმარება, იგივე ჯანდაცვა , განათლება და რამდენად ეყოფა ეს პრეფერენციები და საგადასახადო ბენეფიტები სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსებას? ამიტომ არის მნიშვნელოვანი ნამდვილად ლიბერალური იყოს პროცესები და მწარმოებელს 2-3 მიმართულება ჰქონდეს გარანტირებული. ეს არის გასაღების ბაზარი - ჰქონდეს განცდა, რომ მისი პროდუქტი გაიყიდება და მეორე, რომ მას ყოველთვის ჰყავდეს შესაბამისი მუშა ხელი და მესამე - ყოველთვის იყოს ბიზნეს ლიბერალური გარემო, რომ მას ბიუროკრატია ჰქონდეს მინიმუმამდე დაყვანილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანაში მწარმოებლურობის ხასიათია ასაწევი და მოტივაცია არის გასაზრდელი. კარგი ახალგაზრდობა მოდის, საინტერესო მიმართულებების ფუძემდებლები შეიძლება იყვნენ და ნელ-ნელა უნდა ჩანაცვლდეს ტრადიციული მიდგომები, რომ საქართველოში არაფერი არ შეიძლება გაკეთდეს, რადგან არ იყიდება.

მინდა რეგულაციების კომპონენტზე გკითხო. უძრავი ქონების ფასები სტაბილურად იზრდება და აქ გვაქვს რამდენიმე ტიპის გამოწვევა. შენი აზრი მაინტერესებს, რა სურათი გვაქვს საქართველოში ფასების ჭრილში და როგორია მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი?

FIABCI GEORGIA რამდენიმე წელია, რაც არის საქართველოში. 30-ზე მეტი წევრით ვქმნით იმიჯს და აქტივობას, რომ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო არის უძრავი ქონება საინვესტიციო კუთხით, ტურიზმის კუთხით, საცხოვრისის კუთხით და ის რომ, საქართველო არის მნიშვნელოვანი ადგილი. ამ მიზნის ფარგლებში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში უძრავ ქონებაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა საერთაშორისო, ჩვენი მეზობელი ბაზრებისგან, სხვადასხვა ახალი ბაზრებისგან და აქ ინვესტირება არის უსაფრთხო, ძალიან მაღალი უკუგებით და ძალიან ხარისხიანი. ეს არის ჩვენი რეალური იმიჯი. ამას მოწმობს თუნდაც კვარტალურ, წლის ჭრილში ზრდა და ზოგადად, დასრულებული პროექტები. ამ პატარა ქვეყანაში საკმაოდ დიდ რიცხვებზეა საუბარი და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ერთიან ეკონომიკაში და ძალიან დიდ შენატანს ახორციელებს უძრავი ქონება ქვეყნის შიდა პროდუქტში. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ უცხოურ ინვესტიციებზე. შემოდინება ხდება არა მხოლოდ თანხების, ასევე განვითარების, ცოდნის და გლობალიზაციის.

რა ენაზეც ველაპარაკებით ინვესტორს, ეს "ენა" რამდენად გამართულია? ერთია ელაპარაკო და მეორეა დაარწმუნო…

უპირველეს ყოვლისა, ვთავაზობთ იმას, რაც გვაქვს. რაც არ გვაქვს, ფიზიკურად ვერ შევთავაზებთ, რადგან ეს ენა და დიალოგი არის ძალიან დელიკატური. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეალისტურობას და ლოგიკურობას. ოცნების კოშკებს ვერ ავუგებთ ვერავის. ჩვენ რამდენიმე კომპონენტიც კი გვშველის, რომ საქართველოში შემოვიდეს ამა თუ იმ სექტორის მოთამაშე. პირველი ეს არის ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება და უსაფრთხოება, მეორე - ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ბიუროკრატის დაბალი ხარისხი, რაც იმის გარანტიაა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება შესაძლებელია და სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან მარტივია. ჩვენ ვართ რეგიონში გამორჩეულები საბანკო მიმართულებით და სხვადასხვა სიკეთეებით და ჩვენს ქვეყანაში არსებობს ბევრი აუთვისებელი ნიშა, რომლის შედეგადაც შესაძლებელია გლობალური ბიზნესის ნაწილი გავხდეთ და გავიდეთ ექსპორტზე.

ავტორი: თეონა თავაძე