შემოდგომიდან ევროპაში საერთაშორისო მატარებლებზე ბილეთების შეძენა გაადვილდება და ერთიანი სისტემით იქნება შესაძლებელი.
ინფორმაციას გერმანული მაუწყებელი, Tagesschau ავრცელებს.
გაყიდვების ერთიან სისტემას პირველები გერმანიის ფლაგმანი სარკინიგზო კომპანია Deutsche Bahn, ავსტრიის ÖBB და შვეიცარიის SBB შეუერთდება.
Deutsche Bahn-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, მაიკლ პეტერსონი აცხადებს, რომ შემოდგომიდან “საერთაშორისო მოგზაურობის დაჯავშნა შიდა მგზავრობებივით მარტივად მოხდება.”
მისი თქმით, ბილეთის დაჯავშნა მთელ ევროპაში, ოსლოდან ათენამდე თუ ვარშავიდან ბარსელონამდე, გაყიდვების ჩვეულებრივი არხებით, ერთი დაწკაპუნებით იქნება შესაძლებელი.
ამჟამად ევროკავშირის ფარგლებში საზღვრის გადაკვეთისას მგზავრს ბილეთების შეძენა ხშირად ცალ-ცალკე ქვეყანაში უწევს, რაც, პეტერსონის შეფასებით, არა მხოლოდ მოუხერხებელია, არამედ მგზავრების უფლებებსაც არღვევს. მაგალითად, გადასაჯდომ მატარებელზე დაგვიანების შემთხვევაში მგზავრს, როგორც წესი, ახალი ბილეთის შეძენა უწევს მაშინაც კი, თუ ის პირველი მატარებლის შეყოვნების გამო აგვიანებს.
პეტერსონი პირობას დებს, რომ მომავალში ორი ან მეტი ბილეთი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გაიყიდება.
მისი ცნობით, რამდენიმე ევროპული რკინიგზა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეთანხმდა OSDM-ის, ანუ ღია გაყიდვებისა და დისტრიბუციის მოდელის ინტერფეისის სტანდარტის დანერგვაზე, რომ ბილეთების შეძენა გაემარტივებინათ.
„ეს არის ენა, რომლითაც ევროპული რკინიგზა და დისტრიბუციის სერვისის მიმწოდებლები ერთმანეთთან მონაცემებს გაცვლიან. მაგალითად, Deutsche Bahn-ს შესაბამისი რკინიგზების ბილეთების მთელ პორტფელზე წვდომა ექნება და პირიქით,“ - ამბობს პეტერსონი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ