თბილისიდან რომის მიმართულებით ავიარეისის გადადების მიზეზად ეკიპაჟის გადაღლილობა სახელდება

კომპანია "ალიტალიას" ოფისში რომის მიმართულებით ავიარეისის გადადების მიზეზი განმარტეს. კომპანიის ინფორმაციით,  რომიდან თვითმფრინავი გუშინ ორი საათით დაგვიანებით ჩამოფრინდა, იგივე თვითმფრინავი რომში დილის 05.00 საათზე უნდა გაფრენილიყო და ეკიპაჟმა დასვენება ითხოვა.  "ეკიპაჟმა დასვენება ითხოვა. რომში რეისი დღეს, 18:00 საათზე შესრულდება. მგზავრებისთვის თვითმფრინავში ჩასხდომა 15:00 საათიდან დაიწყება", - განაცხადეს კომპანიაში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან "ალიტალიას" რეისი რომის მიმართულებით დღეს, 05:00 საათზე უნდა შეესრულებინა. ფრენის გადადების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.