„მაგთიკომმა“, „სილქნეტმა“, „სელფიმ“ და „ჰალომ“ მობილური მომსახურებისთვის 865 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს - როგორ ნაწილდება მოგება კომპანიებზე

2024 წელს, მობილური ოპერატორებისთვის საცალო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 77 მლნ ლარით, ანუ 9.78%-ით, გაიზარდა და 865 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.

შემოსავლებით ლიდერი „მაგთიკომია“, რომელზეც სრული შემოსავლების 47% მოდის, „სილქნეტის“ წილი 35%-იანია, „სელფი მობაილის“ – 17%-იანი, ხოლო 0.2% - „ჰალოს“.

2024 წლის განმავლობაში საცალო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები:

  • „მაგთიკომი“ – 410 მლნ ლარი: წლიური ზრდა 6.49%;
  • „სილქნეტი“ – 305 მლნ ლარი: წლიური ზრდა 10.91%;
  • „სელფი მობაილი“ – 149 მლნ ლარი: წლიური ზრდა 17.32%;
  • „ჰალო“ – 2 მლნ ლარი: წლიური ზრდა 45.99%.

2024 წლის მონაცემებით, თვის განმავლობაში 1 აბონენტისგან მიღებული შემოსავალი (ARPU), 2023 წელთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა და 13.2 ლარი შეადგინა. „მაგთიკომისთვის“ APRU-ს მაჩვენებელი 0.4 ლარით გაიზარდა და 15 ლარი გახდა, „სილქნეტისთვის“ 0.1 ლარით და 13.4 ლარია, „სელფი მობაილის“ შემთხვევაში 0.9 ლარით და 9.8 ლარია, ხოლო „ჰალოს“ მაჩვენებელმა 0.5 ლარით მოიკლო და 8 ლარამდე ჩამოვიდა.

ირაკლი ფოფხაძე