ტრანზაქციები, ადმინისტრაციული მომსახურება - რაზე უჩივიან მომხმარებლები კომერციულ ბანკებს

2025 წელის აპრილში კომერციული ბანკების წინააღმდეგ ჯამში 2 261 საჩივარი დაიწერა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს.

სებ-ის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩება წინა თვის მაჩვენებელს. ამავე მონაცემების მიხედვით, 2025 წლის მარტში პრეტენზიების რაოდენობა 2 394 იყო.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკით, 2025 წლის აპრილში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებსა და საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით, ასევე, სამომხმარებლო სესხებზე დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2025 წლის აპრილში) ასე გამოიყურება:

მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1 432 განაცხადი;სამომხმარებლო სესხი - 240 განაცხადი;ინტერნეტბანკი - 77განაცხადი;საკრედიტო ბარათი - 67 განაცხადი; ბიზნეს სესხი - 49 განაცხადი; (49 განაცხადია ასევე იპოთეკური სესხებზე).

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, აპრილში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 1 326 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია და მომსახურება - 482 საჩივრით, მესამე ადგილზეა - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები 144 განაცხადით.

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის აპრილში 2 261 საჩივრიდან ბანკებმა 1171 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 399 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 689 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს, ხოლო 2 შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.

ნინი ქეთელაური