"წელს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული. სავარაუდოდ, ეს ტრენდი წლის ბოლომდე გაგრძელდება", - ამის შესახებ ეკონომისტი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გოგა ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, რომელიც ბაზრის კვლევას ეფუძნება, რუსი იმიგრანტების ეფექტი ფაქტობრივად, გაქრა ბაზარზე, მაგრამ ამან უძრავ ქონებაზე მნიშვნელოვნად გაძვირებული ფასები დატოვა.
გოგა ხიშტოვანმა უძრავი ქონების ბაზარი 2025 წლის იანვარი-აპრილის შედეგებზე დაყრდნობით მიმოიხილა,
"კოლიერსის მიხედვით, მთლიანი ტრანზაქციების რაოდენობა იანვარ-აპრილში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5,6%-ით (დაახლოებით 740-ით ნაკლები ტრანზაქცია). ამავდროულად, ბაზრის ზომა არის გაზრდილი 5,9%-ით (933 მილიონ დოლარამდე). საინტერესოა, რომ გალტ-ის მიხედვით, ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია 1,6%-ით, ხოლო ბაზრის ზომა ოთხ თვეში შემცირებულია 0,6%-ით.
ამავე დროს, სისტემური დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (გამოკითხვა, რომელსაც გალტი ატარებს დეველოპერებთან), აპრილში გაყიდვები წინა წლის აპრილთან შედარებით შემცირებულია 34,1%-ით; ხოლო 4 თვის ჭრილში, კლება არის 13,5%.
გაყიდვების სტრუქტურა, გაყიდვების ფასები და სამშენებლო ნებართვები:
პირველ ოთხ თვეში, გაყიდვების 11% მოდის ისრაელის მოქალაქეებზე; 2024-ში ეს მაჩვენებელი 10% იყო; რუსეთის მოქალაქეების წილი დასულია 1%-მდე. (მაგ. 2023-ის ოთხ თვეში, ეს მაჩვენებელი 6% იყო); გაყიდვების 78% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის.
გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 2025 წლის პირველ 4 თვეში წინა წლის 4 თვესთან შედარებით შემცირებულია 15%-ით.
ერთი კვადრატული მეტრის ფასი ახალ პროექტებში, აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით გაზრდილია 3,4%-ით; ამავე დროს, ძველ ბინებზე ფასები შემცირებულია.
იპოთეკური დაკრედიტება:
რაც შეეხება კომერციული ბანკების მიერ გაცემული იპოთეკურ სესხებს პირველ კვარტალში (იანვარი-პარილი, 2025 vs. იარვარი-აპრილი, 2024)
შესაბამისად, წლის პირველი ოთხი თვის მონაცემების მიხედვით, გაცემული სესხების რაოდენობა წინა წლის ოთხ თვესთან შედარებით შემცირდა 18,8%-ით, ხოლო გაცემული სესხების მოცულობის მიხედვით, პორტფელი შემცირდა დაახლოებით 2%-ით.
მცირე დასკვნები:
როგორც ჩანს, წელს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული; სავარაუდოდ, ეს ტრენდი წლის ბოლომდე გაგრძელდება;
როგორც ჩანს, გაყიდვების სტიმულირება ხდება ფასების ირიბი „სუბსიდირებით“, როდესაც უშუალოდ დეველოპერები, სესხის აღების ნაცვლად, მყიდველებს გრძელვადიან შიდა-განვადებებს სთავაზობენ;
ახალ პროექტებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ არის წლის ბოლომდე მოსალოდნელი; უფრო, პირიქით;
რუსი იმიგრანტების ეფექტი ფაქტობრივად გაქრა ბაზარზე, ოღონდ, დატოვა მნიშვნელოვნად გაძვირებული ფასები უძრავ ქონებაზე (განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში), რასაც ქართველი მომხმარებელი მარტივად ვერ პასუხობს; ახალი ნებართვების გაცემის ტემპის კლება იმის პირველი სიგნალია, რომ უძრავი ქონების ბაზარი, ახალი მშენებლობების დაწყების მხრივ, მნიშვნელოვნად შენელდება, რაც წელს და გაისად საკმაოდ დაარტყამს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის, დაკავშირებული სექტორის გაყიდვებისა და ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლებს",- წერს გოგა ხიშტოვანი.