OPEC+-ის წევრი ქვეყნების მინისტრები ივნისიდან დღიური ნავთობწარმოების კიდევ უფრო, 411.000 ბარელით გაზრდაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ ორგანიზაციის პრესრელიზში წერია, რასაც Bloomberg ავრცელებს.
OPEC+-მა წარმოება ანალოგიურად მაისშიც გაზარდა, რასაც ამჯერად ივნისის გაზრდილი მიწოდება დაემატა. ამდენად, სამ თვეში კარტელი, რომელიც ნავთობის მწარმოებელ სამ ათეულ უდიდეს ქვეყანას აერთიანებს, ბაზარს დღეში 1.2 მლნ ბარელ ახალ მარაგს დაამატებს, რაც მაქსიმუმია 2020 წლის შემდეგ, რა პერიოდშიც OPEC+ პანდემიის დროინდელ მკაცრ შეზღუდვებს ხსნიდა.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, OPEC+-ის შეხვედრაზე ორგანიზაციის ორ მთავარ წევრს, საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება წარმოიშვა. კერძოდ, რუსეთის დელეგაცია წარმოების გაზრდას ეწინააღმდეგებოდა, რამაც მისთვის შესაძლოა, ნავთობის ფასები კიდევ უფრო შეამციროს და კრემლს ბიუჯეტის პრობლემები გაუზარდოს. თუმცა საუდის არაბეთმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნის შესრულება არჩია, რომელიც ნავთობზე დაბალ ფასებს საჯაროდ ითხოვს.
ING-ის ანალიტიკოს უორენ პატერსონის შეფასებით, ნავთობის გლობალური ბაზარი „ფასების ახალი ომის“ ზღვარზეა. ეს 2020 წელს უკვე მოხდა, როცა პანდემიის დასაწყისში ბაზრის დასაბალანსებლად რუსეთმა წარმოების შემცირებაზე უარი თქვა და OPEC+-ის ალიანსი დატოვა. ამით შოკირებულმა საუდის არაბეთმა საპასუხოდ უპრეცედენტო ფასდაკლება გამოაცხადა, წარმოება მკვეთრად გაზარდა და ბარელზე კოტირებები ჯერ 5-10 დოლარამდე, შემდეგ კი ნულზე დაბლა დააგდო. ერთი თვის შემდეგ კრემლი იძულებული გახდა, კაპიტულაცია გამოეცხადებინა და რუსეთი OPEC+-ში დაბრუნდა. მოსკოვი, ახალი გარიგების ფარგლებში, იძულებული გახდა, წარმოება, წევრ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტად შეემცირებინა.
საუდის არაბეთის ამჟამინდელი გეგმის თანახმად, OPEC+-მა წარმოება დღეში 2.2 მლნ ბარელით უნდა გაზარდოს. მეტიც, თუ ერ-რიადი თავდაპირველად ამ პროცესის 2026 წლის ბოლომდე გაჭიანურებას გეგმავდა, ახლა ის დაჟინებით მოითხოვს, რომ ბაზარზე ახალი მიწოდებები წელსვე გაჩნდეს.
JP Morgan-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, შედეგად Brent-ის ფასი ბარელზე შესაძლოა, 50-60 დოლარამდე დაეცეს. რუსული Urals-ის მარკის ნავთობი ამჟამად, ბრენტთან შედარებით, მინიმუმ, 10-დოლარიანი ფასდაკლებით იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კოტირებები შესაძლოა, 40-50 დოლარის დიაპაზონში დაეცეს.
რუსეთის მთავრობას თავდაპირველად ბიუჯეტი ბარელ Urals-ზე 69.7-დოლარიანი საშუალო ფასით ჰქონდა შედგენილი. თუმცა გაზაფხულზე დონალდ ტრამპის სატარიფო ომი დაიწყო და საუდის არაბეთმა საბადოების „ონკანები გახსნა,“ რის შემდეგაც მოსკოვისთვის ცხადი გახდა, რომ პროგნოზს ვერ შეასრულებდა. კერძოდ, მარტში ბარელ Urals-ზე ფასი 60 დოლარზე დაბლა დაეცა, აპრილის ბოლოსთვის ის მხოლოდ 54 დოლარი ღირდა, ხოლო მაისში 50 დოლარს ძლივს გადააჭარბა.
საპასუხოდ ფედერაციის ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებმა სანავთობო ბიუჯეტის პარამეტრები 56 დოლარის ოდენობით ხელახლა გამოთვალეს. ახალი გეგმის თანახმად, ნავთობისა და გაზის შემოსავლები 10.9 ტრილიონის ნაცვლად 8.3 ტრლნ რუბლს (138.3 მილიარდის ნაცვლად 105.3 მლრდ დოლარს) შეადგენს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი სამჯერ გაიზარდა და საწყის 1.2 ტრილიონის ნაცვლად 3,8 ტრლნ რუბლს (15.2 მილიარდის ნაცვლად 48.2 მლრდ დოლარს) შეადგენს.
ცნობისთვის: თებერვალში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მთავრობისადმი გაგზავნილ ყოველწლიურ დახურულ ანგარიშში გამაფრთხილებელი მესიჯი გაავრცელა, რომ ნავთობის გლობალურ ბაზარზე შესაძლოა, დაბალი ფასების ხანგრძლივი პერიოდი დადგეს, როგორც ეს 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოხდა. ბანკი წერს, რომ OPEC-ის ქვეყნებმა და აშშ-მა შესაძლოა, ნავთობის გლობალური ფასები ჩამოშალონ, თუ წარმოების მკვეთრ გაზრდას გადაწყვეტენ.
ცენტრალური ბანკი მთავრობას შეახსენებს, რომ დღეისთვის OPEC-ის ქვეყნების თავისუფალი სიმძლავრე მსოფლიო ბაზარზე არსებული რუსული ნავთობის სრული ჩანაცვლების საშუალებას იძლევა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (International Energy Agency-IEA) თანახმად, OPEC-ის ქვეყნებს შეუძლიათ, წარმოება დღეში 5 მლნ ბარელით გაზარდონ, რაც რუსეთიდან ნავთობის მთელ ექსპორტს დაფარავს. მხოლოდ საუდის არაბეთს ისეთი უმოქმედო საბადოები და ჭაბურღილები აქვს, რომლებსაც დღეში 3 მლნ ბარელი ნავთობის ამოტუმბვა შეუძლიათ. ეს ის მოცულობაა, რაც რუსეთს მსოფლიო ბაზარზე ზღვით გააქვს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ