იმერეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2015 წელს 8 514 045 ლარი დაიხარჯება

იმერეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2015 წელს 8 514 045 ლარი დაიხარჯება. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარის 11 მუნიციპალიტეტში 1 380 პროექტი განხორციელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს, რომლებსაც მოსახლეობის უმრავლესობა სოფლის კრებაზე თავად ირჩევს. თითოეული სოფლისათვის გამოყოფილი თანხის რაოდენობას ადგილობრივ მცხოვრებელთა რიცხვი განსაზღვრავს. პროგრამის ბიუჯეტი სოფლის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დასაფინანსებლად უნდა იყოს მიმართული.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიკვეთა. სოფლის მოსახლეობა უპირატესობას რიტუალების სახლების, ბიბლიოთეკების, სოფლის კლუბებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას ანიჭებს. ასევე, ხშირად არჩეულ პროექტებს შორის არის: სარწყავი და სანიაღვრე არხების, სკვერებისა და გარე განათებების მოწყობა, სოფლამდე მისასვლელი გზების მოხრეშვა და სასმელი წყლის ავზების მშენებლობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მუნიციპალიტეტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდების გარდა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების კიდევ ერთ დამატებით წყაროს წარმოადგენს. 2015 წელს სოფლის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამის მეხუთე ეტაპი დაიწყო. პროგრამა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს.