ჩუღურეთში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში ექვსი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია-აღდგენა დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში უზნაძის ქ.#4-ში, მნათობის ქ.#80-ში, რომის ქ.#4-ში, ასევე, ჩხეიძის, გედევანიშვილის, ნინოშვილის ქუჩებზე სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სტადიონები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა. "სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-აღდგენა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელს შეუწყობს", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ხელოვნური მწვანე საფარი განახლდა, მოედნების კარები და საკალათბურთო ფარები გამოიცვალა. არსებული ლითონის კონსტრუქცია კი ახალი, თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციით შეიცვლება. სამუშაოები შპს "კვადრელმა" შეასრულა.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის საერთო ღირებულება 162 768 ლარია. ჩუღურეთის რაიონში წლის ბოლომდე კიდევ 11 სტადიონის აღდგენა-რეაბილიტაცია იგეგმება.