„ტარიფები შეგვიმცირეს და გვატყუებდნენ, რომ ამის მიზეზი აპლიკაციის ხარვეზი იყო“ - რას ამბობს კურიერი

„ტარიფები შეგვიმცირეს და გვატყუებდნენ, რომ ამის მიზეზი აპლიკაციის ხარვეზი იყო. უახლოეს დღეებში ფინანსურ პოლიციაში მისვლასა და „გლოვოსა“ და „ვოლტის“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ვგეგმავთ - გვინდა, თითოეული კურიერის კილომეტრაჟები და დარიცხული თანხების ნაწილი გამოიძიონ“, - ამის შესახებ კურიერების საპროტესტო პროცესის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბექა კობრიაშვილმა „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

კობრიაშვილის თქმით, უცხოელების გამოჩენამ ქართველების უფლებები შეზღუდა და ისეთი პირობები შექმნა, მათთვის მუშაობა არახელსაყრელი გახდა.

„ჩვენი საპროტესტო პროცესი კვირაზე მეტია დაიწყო. ცალ-ცალკე სარჩელი შევიტანეთ მიგრაციის სამსახურსა და შრომის ინსპექციაში. ჩვენი მოთხოვნაა, დადგინდეს, თუ რა სტატუსის უცხოელ მოქალაქეებს ასაქმებენ კომპანიები და ასევე გამოიკვლიონ, როგორი ფორმითა და შრომითი უფლებებით ხდება მათთან თანამშრომლობა.

საქმე ისაა, რომ მათი ამ სფეროში გამოჩენის შემდეგ ჩვენი, ქართველების უფლებები შეიზღუდა და ეს ტარიფებზეც აისახა - თუკი ადრე კონკრეტულ შეკვეთას 4-5 ლარად ვაფორმებდით, ახლა 2-დან 3 ლარამდე გამოვიმუშავებთ. რაც შეეხება უფლებების შეზღუდვის ნაწილს, კომპანიისგან წამოსულ წინადადებაზე აზრის გამოთქმის და უარის თქმის საშუალება პრაქტიკულად აღარ გვაქვს, რადგან, უცხოელების სახით, სერიოზული რეზერვი ჩამოუყალიბდათ - ისინი მათ დავალებებსა და მოთხოვნებს უსიტყვოდ აკმაყოფილებენ, ასევე, უფრო ნაკლებ ტარიფებზე მუშაობენ და, ცხადია, კომპანიებს მათთან თანამშრომლობა ამ მიზეზითაც უფრო აწყობთ და ურჩევნიათ, ასეთი თანამშრომლები ჰყავდეთ“, - აღნიშნა კურიერების საპროტესტო პროცესის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ირაკლი ფოფხაძე