Wildberries-მა პუტინის არომატის მქონე სანთლების გაყიდვა დაიწყო

რუსულ მარკეტპლეის Wildberry-ზე პუტინის სურნელის მქონე არომატული სანთლები გამოჩნდა, სახელწოდებით „Putin Aroma Black Vanilla“ და „Putin Aroma Dark Amber.“

ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.

ამასთან, მწარმოებლის ცნობით, ხის ფითილი ბუხრის ტკაცუნის ხმას იმიტირებს, ხოლო წვის დრო, დაახლოებით, 25 წუთია. ერთი სანთლის ღირებულება 546 რუბლი, ანუ 7 დოლარია. მითითებული, რომ წარმოების ქვეყანა რუსეთია.

აღწერილობაში, ასევე, წერია, რომ პროდუქტი საჩუქარია საყვარელი ადამიანისთვის, თუმცა ის პუტინის ნამდვილ სურნელს არ შეიცავს: „ინტერიერის სურნელოვანი ხელნაკეთი სანთელი ნატურალური ცვილისგან არის დამზადებული, ხოლო ოთახი არომატით 30-40 წუთში ივსება.“ სანთელი, თითქოს, ხელს უწყობს მოდუნებას, სტრესის მოხსნას, განწყობის ამაღლებას ან პაემნისთვის რომანტიკული გარემოს შექმნას.

კომპანია Ex-market-მა უკვე 25.000 პროდუქტი გაყიდა და 4.8-ქულიანი მაღალი რეიტინგი აქვს. თუმცა მარკეტპლეისზე პუტინის გამოსახულების მქონე სანთლების ხარისხზე გამოხმაურებები არ დევს.

Wildberries-ზე, ისევე, როგორც მეორე რუსულ მარკეტპლეის Ozon-ზე პუტინის გამოსახულებით ბევრი სხვა პროდუქტიც იყიდება, როგორიც არის მაისურები, ნიღბები, ბროშები, კალენდრები, პორტრეტები. ანალიტიკურ სერვის Moneyplace-ის მონაცემებით, 2022 წლის ექვსი თვის განმავლობაში Wildberries-ზე პუტინის სიმბოლოებით საქონლის საერთო ბრუნვამ, დაახლოებით, 2 მლნ რუბლი (25.6 ათას დოლარამდე) შეადგინა, ხოლო, დაახლოებით, 5000 ერთეული სტაბილურად იყიდება. მათზე Wildberries-ზე წელიწადში 205 ათასი, ხოლო Ozon-ზე 13,5 ათასი მოთხოვნაა. Moneyplace განმარტავს, რომ ასეთი პროდუქტების პოპულარობა მედიაში მოხსენიებით არის განპირობებული, ანუ რაც უფრო მეტი სიახლეა, მით უფრო ხშირად ყიდულობენ ადამიანები პუტინის, „ორეშნიკისა“ და სხვა გამოსახულების მქონე პროდუქტებს.

ცნობისთვის: Wildberries-მა საქართველოში გაყიდვები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, რაც ქართული პარტნიორი კომპანიის ფრენჩაიზით ხორციელდება. Wildberries-ის ქართულენოვან ვებგვერდზე, რომელიც აქტიურად მუშაობს, წერია, რომ ქართული ფრენჩაიზი შპს “ტრანსკომ გრუპია.” ამჟამად Wildberries, საქართველოს გარდა, რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და ჩინეთში ოპერირებს. რაც შეეხება Ozon-ს, კომპანიას საქართველოში საქონლის მიწოდება ერთი თვით ადრე, სექტემბერში ჰქონდა დაწყებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ