გიორგი აბაშიშვილი: ადმინისტრაციის შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონპროექტზე საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიციასთან თავსებადობაშია

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული მოტივირებული შენიშვნები უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიციასთან, სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საქართველო-ევროკაშირის ასოცირების დღის წესრიგის თანახმად, ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით ევროკავშირს წარედგინა. მისივე თქმით, ამავდროულად, კანონპროექტი წარედგინა ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს.

"დღეის მდგომარეობით, როგორც ევროკავშირიდან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან უკვე მიღებულია და კანონპროექტში თითქმის სრულად გათვალისწინებულია ტექნიკური ხასიათის შენიშვნები. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების რეჟიმში ვიმყოფებით მსოფლიო ბანკთან. ევროკავშირიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადია და შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს, არსებული სისტემის დამოუკიდებლობისა და მმართველობის გაძლიერებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ფონდი არ არის შემოთავაზებული ცვლილებების წინააღმდეგი, რადგან აღნიშნულის მიხედვით საფინანსო ზედამხედველობა რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, რაც თავსებადია ფონდის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემულ რჩევებთან", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის, რომ თვენახევრის წინ რამდენიმე წამყვანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა - ოთხმა ორგანიზაციამ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა ძალიან ნეგატიურად შეაფასა. "გუშინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე კომენტირებისას საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავდა, რომ მიუხედავად ბევრი შენიშვნის გათვალისწინებისა, მოუგვარებელი დარჩა ფუნდამენტური საკითხები და ამ პირობების შეუსრულებლობამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც შეუთავსებელი იქნება საერთაშორისი სავალუტო ფონდის მიზნებთან და გაართულებს მორიგი პროგრამის წარმატებით მიმოხილვას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროქტი უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიციასთან, სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას თანახმად ასოცირების დღის წესრიგისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ხოლო მეორე მხრივ, რჩება ეროვნული ბანკის შემადგნელობაში საბანკო ზედამხედველობა, ხოლო ეროვნულ ბანკს ეძლევა საშუალება უფრო ეფექტიანად განახორციელოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკა", - განაცხადა აბაშიშვილმა.