ონლაინ პლატფორმების, taobao და pinduoduo ქართულენოვან ვერსიებზე მუშაობა შეჩერებულია. ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსს” Inex group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ორივე კომპანია ინგლისურ თარგმანზე მუშაობს, ხოლო ქართულად, აპლიკაციაში რამდენიმე ინსტრუმენტია გაშვებული. როგორც გიორგი კაპანაძე აღნიშნავს, ქართულენოვან ვერსიებზე მუშაობა არასაკმარის რესურსს უკავშირდება. ხოლო
სამომავლოდ, გაგრძელდება თუ არა პროცესი, Inex group-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ეს მხოლოდ კომპანიების გადასაწყვეტია, თუმცა ქართული მხარე ცდას არ დააკლებს, რომ ორივე პლატფორმის წარმომადგენლობა ქართული ვერისების საჭიროებაში დაარწმუნოს.
“ამ ეტაპზე აპლიკაციები ითარგმნა მხოლოდ ინგლისურ ენაზე. ერთ-ერთ პლატფორმაში, მენიუს ძირითადი ინსტრუმენტები არის ქართულად, მაგრამ უმნიშვნელოა. თუმცა, მაგალითად taobao-ზე ინგლისურადაც არ არის ჯერ ყველაფერი ხელმისაწვდომი, რადგან ყველა პროდუქტი ინდივიდუალურად უნდა ითარგმნოს და ამას უზარმაზარი ადამიანური და ტექნიკური რესურსი სჭირდება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სწორედ ამ მიზეზს უკავშირდება ქართულენოვან ვერსიაზე მუშაობის შეჩერებაც.
ორივე პლატფორმაზე უპირატესობა ინგლისურ ენას მიანიჭეს. ქართულ ენის საკითხი მთლიანად დამოკიდებულია კომპანიის გადაწყვეტილებაზე, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ენის საჭიროება დავანახოთ. იმედი გვაქვს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც გაგრძელდება ქართულ ვერისაზე მუშაობა. ორივე პლატფორმიდან გამოწერები მუდმივად მზარდია ჩვენთან და მე ვფიქრობ, რაღაც ნიშნულს რომ მიაღწევს, გააგრძელებენ ქართულენოვან ვერისაზე მუშაობას”, - ამბობს გიორგი კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ Taobao-სა და Pinduoduo-ს ქართული ვერსიები გაშვებასთან დაკავშირებით - INEX Group-ის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპრესნიუსს“ მარტის დასაწყისში განუცხადა.
როგორც გიორგი კაპანაძე მაშინვე აღნიშნავდა, იქიდან გამომდინარე, რომ სარეალიზაციო პროდუქტების რაოდენობა 6 მლრდ-ს აჭარბებს, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე მხოლოდ პლატფორმების მენიუ იქნებოდა ქართულ ენაზე.